საქართველოს ლეიბორისტული პარტია საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომელიც შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური თავდასხმებისგან ეკლესიისა და სასულიერო პირთა სამართლებრივ დაცვას ითვალისწინებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ლეიბორისტული პარტიის" საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირთაძემ განაცხადა, საკანონმდებლო ინიციატივა ევროპულ კანონმდებლობას ეყრდნობა. ნესტან კირთაძის თქმით, ასეთი პრაქტიკა არსებობს გერმანიის, ესპანეთის, შვეიცარიის და საბერძნეთის სისხლის სამართლის კოდექსში.
პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ცვლილებები შევა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში, რომელიც განსაზღვრავს სამართალწარმოების წესს მოცემული კატეგორიის დანაშაულებებზე.
"საქართველოს ლეიბორისტული პარტია საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომელიც ითვალისწინებს ეკლესიისა და სასულიერო პირთა სამართლებრივ დაცვას შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური თავდასხმებისგან. კერძოდ შეურაცხყოფა, რომელიც მიადგა საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას, მის წინამძღვარს აგრეთვე რეგისტრირებულ რელიგიურ კონფესიას, სასულიერო პირს, რაც იწვევს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას გამოხატულს უწესო ფორმით ისჯება ჯარიმით 100 ათას ლარამდე. იგივე ქმედება ჩადენილი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ და არაერთგზის ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე. ამით სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის სპეციალური დაცვითი სუბიექტი. ინიციატივა ეყრდნობა ევროპულ კანონმდებლობას, კერძოდ ასეთი პრაქტიკა არსებობს გერმანიის, ესპანეთის, შვეიცარიის, რომ არაფერი ვთქვათ საბერძნეთის სისხლის სამართლის კოდექსში. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ცვლილებები შევა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში, რომელიც განსაზღვრავს სამართალწარმოების წესს მოცემული კატეგორიის დანაშაულებებზე. კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს საელმწიფო ბიუჯეტიდან. ლეიბორისული პარტია პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, თავისუფალი სიტყვა არ უნდა იზღუდებოდეს, მაგრამ არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი და უნდა არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი დაცვის გარანტია. ეს კანონპროექტი შობა-ახალი წლის შემდეგ გადაეცემა პარლამენტს. მიგვაჩნია, რომ პარტიის ეს ინიციატივა იქნება მიღებული. წინააღმდეგ შემთხვევაში მე გავაკეთებ განცხადებას რომ ეს არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური კურსი და ტენდენციები", - განაცხადა ნესტან კირთაძემ.