რუსეთის იმპერია რეალურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. განაცხადა დღეს გორში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის ეროვნული განახლებული აკადემიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
"რუსეთის იმპერია რეალურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და თუ ასე გაგრძელდა, თუ ეს კრიზისი, რომელიც მათ აქვთ გაგრძელდა, გაგრძელდა მცდელობა, რომ XIX საუკუნის დამპყრობლური პოლიტიკა გააგრძელონ - მისი დასუსტება და შემდგომი ჩამოშლა, როგორც თავის დროზე ეს მოუვიდა თურქ-სელჩუკების იმპერიას, მონღოლთა ურდოს, ოტომანების იმპერიას, სპარსეთის ძლევამოსილ იმპერიას და მანამდე არაბებს, - გარდაუვალია", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს თავისთავად საქართველოს ყველა პრობლემას არ გადაწყვიტავს.
"ყოველთვის ერთი დამპყრობლის ადგილზე ჩნდებოდა მეორე დამპყრობელი, ერთ პრობლემას მოყვებოდა მეორე პრობლემა და ერთ უბედურებას მოყვებოდა მეორე უბედურება. ამიტომ ჩვენ ყველაფერს ამას უნდა ვუყუროთ ისტორიული გადმოსახედიდან. ხოლო ისტორიული გადმოსახედი არის ისეთი - როცა ჩამოიშლება ეს იმპერია, ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ვინაიდან ამას შეიძლება ქაოტური მოვლენები მოყვეს", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ: " სწორედ აქ ქართული სახელმწიფოს სიძლიერე, მისი შეიარაღებული ძალების კონსოლიდირებულობა და ბრძოლისუნარიანობა იქნება აბსოლუტურად გადამწყვეტი იმისათვის ,რომ საქართველო შევინარჩუნოთ და საქართველოს ყველა ის მიღწევა რაც გვაქვს განვამტკიცოთ და მომავალშიც გვქონდეს".