ქართველმა ჩინოვნიკებმა უკეთესად უნდა შეისწავლონ ტერმინ "ოკუპაციის" მნიშვნელობა. ეს განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის" რწმუნებულმა ბორის ჩოჩიევმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადების კომენტირებისას გააკეთა, რომელშიც მინისტრმა განაცხადა, რომ მომდევნო წლის ძირითადი პრიორიტეტი საქართველოს სახელმწიფოსათვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანა და სამშვიდობო ოპერაციის დაწყება იქნება.
"მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ არავითარ ოკუპაცია სამხრეთ ოსეთში არ არის. მსოფლიოში მრავალი ოკუპირებული ტერიტორიაა და ქვეყანას, რომელმაც შეაიარაღა საქართველო და მას სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიისკენ გზა დაულოცა, არაერთგზის მიუცია ოკუპაციის მაგალითი",_ განაცხადა ჩოჩიევმა.
მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი არასოდეს არც ყოფილა და არც იქნება საქართველოს შემადგენლობაში.
"ვაშაძის გასაგონად ვიტყვი, რომ სამხრეთ ოსეთი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, სადაც საქართველო საკავშირო რესბუბლიკა იყო. ახლა კი სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკაა და ჩვენი ხალხი თავად გადაწყვეტს თუ ვისთან იმეგობროს და ვისთან არა", _ განაცხადა ჩოჩიევმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსული არმია ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე იმყოფება.
"მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისა და ხალხის გადასაწყვეტია თუ რამდენ ხანს უნდა დარჩეს რუსული არმია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და ეს არავითარ შემთხვევაში არ ეხება მეზობელი სახელმწიფოს - საქართველოს ხელიუფლებას", _ აცხადებს ჩოჩიევი.