ბოსნია და ჰერცეგოვინაში არჩევნები მიმდინარეობს. ხმის მიცემის უფლება 3.4 მილიონ ამომრჩეველს აქვს.
4 ოქტომბრის არჩევნებში სულ 518 ოფიციალურ პირს აირჩევენ. მათ შორისაა, სამწევრიანი პრეზიდენტობის ბოსნიელი, ხორვატი და სერბი წევრები. ასევე, სახელმწიფო დონის საპარლამენტო ასამბლეის წევრებს.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა სიაში 3 408 517 ადამიანია რეგისტრირებული, ხოლო არჩევნებში 7 000-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობს.
წლევანდელი არჩევნები ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. პირველად ამომრჩეველთა იდენტიფიცირება ბიომეტრიული მონაცემებით ხდება, ასევე გამოიყენება საარჩევნო ბიულეტენების სკანერები და შედეგების ელექტრონული გადაცემის სისტემა. ზოგიერთ უბანზე დილით ტექნიკური შეფერხებები დაფიქსირდა, რის გამოც ხმის მიცემა დაგვიანებით დაიწყო.
არჩევნები ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის მნიშვნელოვან ეტაპად განიხილება. ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი 2022 წელს გახდა, ხოლო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ევროკავშირმა 2024 წელს დაუჭირა მხარი. თუმცა მოლაპარაკებების რეალური დაწყება ქვეყნის შიდა პოლიტიკური უთანხმოებებისა და რეფორმების შეფერხების გამო ჯერ ვერ მოხერხდა.
არჩევნებს ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეთნიკური და პოლიტიკური დაყოფის ფონზე. ბოსნია და ჰერცეგოვინა 1992-1995 წლების ომის დასრულების შემდეგ რთული სახელმწიფოებრივი სისტემით იმართება, რომელიც ორ ძირითად ერთეულს - ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაციასა და სერბთა რესპუბლიკას აერთიანებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, წინასწარი შედეგების გამოქვეყნება საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, 19:00 საათის შემდეგ, არის მოსალოდნელი