საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს უზრუნველყოს თბილისის N#2 დროებითი მოთავსების იზოლატორში არსებული პრობლემების მოგვარება.
სახალხო დამცველის აპარატი მუდმივად ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორების მონიტორინგს.
"2009 წლის 16 ოქტომბერს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისის #2 დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდნენ, სადაც დაკავებულებთან გასაუბრებით და დათვალიერების შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი პრობლემა, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია იმ პირთათვის, რომელთაც ადმინისტრაციული სახდელის სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა, რადგან მათ საკმაო ხნით - 90 დღემდე შეიძლება მოუწიოთ ამგვარ პირობებში ყოფნა.
ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს პატიმართა გასეირნების უფლების უგულვებელყოფა. დმი-ს აქვს სასეირნო ეზო, თუმცა მისი გამოყენება არ ხდება დანიშნულებისამებრ", _ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ "საპირფარეშოები განთავსებულია საკნებში და ერთ მხარეს გამოყოფილია დაახლოებით 1 მეტრი სიმაღლის კედლით. საპირფარეშოს თავზე, დაახლოებით 20-30 სმ-ზე, კედლიდან გამოდის დაახლოებით 5სმ. დიამეტრის მილი. აღნიშნული ე.წ. ონკანიდან პატიმრები იღებენ დასალევ წყალს. ამასთან აღსანიშნავია, რომ წყლის მიწოდება დამოკიდებულია ადმინისტრაციის კეთილ ნებაზე, რადგან ონკანი დამონტაჟებულია საკნის გარეთ. ადმინისტრაციის მიერ წყლის მიწოდება კი დღის განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე ხდება".
გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ საკნების მდგომარეობა და იქ არსებული პირობები რიგ შემთხვევაში არის არადამაკმაყოფილებელი, ხოლო თავად საკნები საჭიროებენ კოსმეტიკურ რემონტს.
"დმი-ს აქვს 14 საკანი, მათგან უმეტესში საწოლებად გამოიყენება ფიცარნაგი. რამდენიმე საკანში დგას ორსართულიანი რკინის საწოლი, რომელზეც არ არის ლეიბი.
დროებითი მოთავსების იზოლატორის ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის, საკნებში დგას სპეციფიური სუნი. პატიმრებთან გასაუბრებით გაირკვა, რომ მათ არ აქვთ საშუალება, მიიღონ შხაპი. კითხვას, თუ როდის გაირეცხა გადასაფარებლები ბოლოს, ადმინისტრაციამ პასუხი ვერ გასცა. დაკავებულ პირებს არ ეძლევათ პირადი ჰიგიენის ნივთები (საპნის გარდა)",_ ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ასევე პრობლემად რჩება საკნების ფანჯრების არარსებობა (რის გამოც ვერ ხერხდება ბუნებრივი ვენტილაცია და განათება), ხოლო ხელოვნური განათება არასაკმარისია.
შეგახსნებთ, რომ წევრ სახელმწიფოთათვის „ციხის ევროპული წესების შესახებ" ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2006 წლის 11 იანვრის (2006) 2 რეკომენდაციის პრინციპების თანახმად, "ყველა თავისუფლებააღკვეთილი ადამიანის მოპყრობა უნდა ხორციელდებოდეს მისი უფლებების პატივისცემის საფუძველზე".
„თავისუფლებააღკვეთილი პირები ინარჩუნებენ ყველა უფლებას, რომელიც კანონიერად არ ერთმევათ იმ გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზეც მათ მიესაჯათ სასჯელი ან შეეფარდათ პატიმრობა."
ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი ადგენს, რომ „ჰაერისა და საკმარისი განათების უქონლობა ქმნის დამამცირებელი მოპყრობის პირობებს."
განათება-ვენტილაციასთან დაკავშირებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პატიმრებთან მოპყრობის „მინიმალური სტანდარტული წესების" მე-11 წესის მიხედვით, დაწესებულებებში, რომლებშიც ცხოვრობენ და მუშაობენ პატიმრები: (ა) ფანჯრები უნდა იყოს ისეთი ზომის, რომ პატიმრებს შეეძლოთ კითხვა და მუშაობა დღის შუქზე, და ისე უნდა იყოს კონსტრუირებული, რომ უზრუნველყოს სუფთა ჰაერის მიწოდება, იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა ვენტილაციის ხელოვნური სისტემა;
მე-13 წესის თანახმად, საბანაო მოწყობილობანი და შხაპების რაოდენობა საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ ყოველ პატიმარს შეეძლოს და იყოს ვალდებული იბანაოს ან მიიღოს შხაპი შესაბამის ტემპერატურაზე (კლიმატის მიხედვით) და ისეთი სიხშირით, როგორც ამას მოითხოვს ჰიგიენის საერთო პირობები. ასევე, მე-15 წესის თანახმად, პატიმრებს მოეთხოვებათ, რომ ყოველთვის იყვნენ სუფთად. ამისათვის საჭიროა მათი მომარაგება წყლით და პირადი ტუალეტისთვის საჭირო ისეთი ნივთებით, რომლებიც აუცილებელია სისუფთავისა და ჯანმრთელობის დასაცავად.
სისუფთავის და პირადი ჰიგიენის დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პატიმართა ღირსების შენარჩუნების თვალსაზრისით. ამდენად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ნებისმიერ პატიმარს მიეცეს შხაპით სარგებლობის და სხეულის სისუფთავის დაცვის საშუალება, რაც მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობისთვის და ღირსების შენარჩუნებისთვის. თეთრეულით მომარაგების საკითხთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ყოველი პატიმარი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ცალკე საწოლით, აგრეთვე ცალკე თეთრეულით, რომელიც გაცემის მომენტში უნდა იყოს სუფთა და სისუფთავის შენარჩუნების მიზნით ხშირად იცვლებოდეს.