გიბრალტარის სასამართლომ პატარკაციშვილების ოჯახი გამარჯვებულად სცნო. ამის შესახებ პატარკაციშვილების ოჯახის ადვოკატმა, ლაშა ბირკაიამ დღეს "თბილისი - მერიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქმე ეხებოდა გიბრალტარის ორი ტრასტის მფლობელობას, რომელზეც ჯოზეფ ქეიც გამოთქვამდა პრეტენზიას. პატარკაციშვილის ოჯახის მტკიცებით 2009 წლის 17 დეკემბერს, გიბრალტარის სასამართლომ ჯოზეფ ქეისა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს შორის მიმდინარე დავა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
"ჯოზეფ ქეის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მათ წარმატებას მიაღწიეს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად მინდა განავაცხადო, რომ გიბრალტარის სასმართლომ სადაო ტრასტების 86% პატარკაციშვილის ოჯახს მიაკუთვნა, ხოლო დარჩენილი 14% თეორიული პრეტენზიის ობიექტად გამოაცხადა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯოზეფ ქეის შეიძლება მხოლოდ თეორიული პრეტენზია ჰქონდეს ზემოთ ხსენებულ 14%-ზე", - აღნიშნა პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს ჯოზეფ ქეის ადვოკატების მიერ გამართულ პრესკონეფერენციაზე გიბრალტარის სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოჩენილ იქნა, როგორც ჯოზეფ ქეის აბსოლუტური გამარჯვება. სწორედ ამ ფაქტის გამოხმაურება იყო დღევანდელი პატარკაციშვილის ოჯახის ბრიფინგი.