დღეს, 28 აგვისტოს, გერმანიაში გოეთეს დაბადების დღეს აღნიშნავენ. გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს დაბადებიდან 262 წელი გავიდა.
გოეთე 1749 წლის 28 აგვისტოს მაინის ფრანკფურტში, შეძლებული ბიურგერის ოჯახში დაიბადა (გარდაიცვალა 1832 წლის 22 მარტს ვაიმარში). გოეთე სწავლობდა ლაიფციგისა და სტრასბურგის უნივერსიტეტებში. სტრასბურგში დაუახლოვდა "ქარიშხლისა და შეტევის" მოძრაობას და მალე მისი აღიარებული თავკაცი გახდა.
1775 წელს გოეთე ვაიმარის სასახლის მინისტრი გახდა. გოეთეს ვაიმარული ცხოვრების პერიოდი "მომთმენიანი წინააღმდეგობით" აღიბეჭდა; იძულებით კომპრომისზე წასვლა, "რეზინიაცია" ერთადერთი გზა აღმოჩნდა საიმისოდ, რომ გოეთეს მტრულ ცხოვრებისეულ გარემოცვაში "ფაუსტისა" და სხვა შედევრების შექმნა დასცლოდა.
1786 წელს გოეთე ფარულად იტალიაში გაემგზავრა. იტალიაში მან შეძლო ხელოვნებისა და მეცნიერების სიღრმეთა წვდომა. 1788 გოეთე იტალიიდან დაბრუნდა. მის "ვაიმარულ" ნაწარმოებებში მკვეთრად გამოვლინდა რეზინიაციის პრობლემა, თუმცა პირველ ხანებში გოეთე სავსებით და ერთბაშად მაინც არ გასდგომია "ქარიშხლისა და შეტევის" სულისკვეთებას (დრამები "ეგმონტი", 1788; "ტორკვატო ტასო", გამოქყვენდა 1790; რომანი "შერჩევითი ნათესაობა", 1809 და სხვ.).
1796 წელს გოეთემ შილერთან ერთად გამოაქვეყნა ეპიგრამების ციკლი "ქსენიები". ამ პერიოდში დაწერა რომანი "ვილჰელმ მაისტერი" ორ ნაწილად: "ვილჰელმ მაისტერის განსწავლის წლების" (1796) გმირი ინდივიდუალიზმითაა შეპყრობილი და ობიექტურ სინამდვილესთან გადაუჭრელი წინააღმდეგობის გამო სულიერი კრახის წინაშე დგება; "ვილჰელმ მაისტერის მგზავრობის წლები, ანუ ხელის ამღებნი" (1829) გვიჩვენებს ეგოისტის გარდასახვას ჭეშმარიტ ადამიანად, კაცურ კაცად.
გოეთემ მუშაობა დაიწყო ავტობიოგრაფიულ წიგნზე "პოეზია და სინამდვილე" (ნაწ., 1-4 გაბოქვეყნდა 1811-1833), დაწერა დრამა "ეპიმენიდეს გამოღვიძება" (1815), ლექსების ციკლი "დასავლურ-აღმოსავლური დივანი" (1813-1819). "დივანს" ბოლომდე გასდევს სამყაროს ერთიანობისა და "მშვენიერი ადამიანის" იდეა; გოეთე არ კმაყოფილდება ბუნებასთან ღმერთის მხოლოდ პანთეისტური გაიგივებით. იგი ადამიანს აღაზევებს ბუნება-ღმერთზე და "მსოფლიო გონთან" მორკინალ არსებად წარმოგვიდგენს. ადამიანის ეს გაღმერთება გვევლინება ხანდაზმული გოეთეს მთელი ფილოსოფიური პოეზიის, როგორც ლირიკის, ისე "ფაუსტის", ზეიდეად.
გოეთეს შემოქმედების მწვერვალია "ფაუსტი" (I ნაწ. 1801, გამოქვეყნდა 1808, II ნაწ. 1832), რომელსაც იგი თითქმის მთელი სიცოცხლე წერდა.
გოეთეს ისტორიული მნიშვნელობის შრომები აქვს ბუნებისმეტყველობის დარგში. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოეთეს მიერ ყბათაშორისო ძვლის აღმოჩენა (1784), მისი ნაშრომი მცენარეთა მეტამორფოზის შესახებ (1790); მანვე შემოიღო ტერმინი "მორფოლოგია". მცენარეთა და ცხოველთა ორგანიზმების აგებულების შესახებ გამოთქმული უმნიშვნელოვანესი დებულების გამო გოეთეს თავის დიდ წინამორბედად მიიჩნევდა ჩ. დარვინი.
გოეთესადმი ინტერესი საქართველოში XIX საუკუნეში გამოვლინდა და დღითი დღე იზრდება. ამას მოწმობს პოეტის ნაწარმოებთა თარგმანები, მისი ღრმად ჰუმანისტურ პრობლემატიკის მრავალასპექტოვანი ძიებანი და მეცნიერული შესწავლის წარმატებითი ცდები. ჩვენში გოეთეს მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრის გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების ქართული განყოფილება.