უკრაინა ევროკავშირისგან მიღებულ 90 მილიარდ ევროს სესხს არმიის საჭიროებებისა და ზამთრისთვის მზადებისთვის გამოიყენებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„მადლობა ყველა ევროპელ ლიდერს უკრაინის მხარდაჭერის პაკეტისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღებისთვის. ეს ნამდვილად დაგვეხმარება,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი განცხადებით, კიევი ელოდება, რომ 90-მილიარდიანი პაკეტიდან პირველი ტრანში უახლოეს პერიოდში გამოიყოფა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ გამოყოფილი თანხები პირველ რიგში უკრაინის არმიისთვისაა და გამოყენებული იქნება შეიარაღების, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესაძენად.
„ეს თანხები განკუთვნილია ჩვენი არმიისთვის და მზად ვართ გამოვიყენოთ იარაღის შესაძენად, მათ შორის საჰაერო თავდაცვისთვის. ასევე, ეს არის დაფინანსება, რომელიც დაგვეხმარება ზამთრისთვის მომზადებაში. უკვე დაწყებულია მუშაობა ჩვენი ენერგოსისტემის დაცვისთვის და ევროპული სახსრებიც ამ პროცესს მხარს დაუჭერს,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან პარტნიორებს მოუწოდა გააგრძელონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება.
„გთხოვთ, გააგრძელოთ მუშაობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე. მათი გამკაცრება სწორი ნაბიჯია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ამერიკელებმა გარკვეული შეზღუდვები შეარბილეს. ამ ეტაპზე ფრონტზე სიტუაცია განსაკუთრებულია — ჩვენი პოზიციები უფრო სტაბილურია, ვიდრე წინა თვეებსა და წლებში, ხოლო რუსეთი ყოველთვიურად სულ მცირე 30–35 ათას სამხედრო მოსამსახურეს კარგავს. ეს რუსეთისთვის რთულია და ჩვენ ეს მდგომარეობა კიდევ უფრო უნდა გავართულოთ, რათა ისინი დიპლომატიაზე გადავიდნენ,“ - განაცხადა ზელენსკიმ