საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „მშვიდობის მარშთან" დაკავშირებით სერგეი ლავროვის უწყების განცხადებას "აბსურდულს" უწოდებს.
"ქართულ მხარეს ამგვარ აქციასთან დაკავშირებით არანაირი გეგმებიც კი არ გააჩნია და, შესაბამისად, რუსეთის ბრალდებები აბსურდულია. გვინდა შეგახსენოთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული განცახდება, რომელშიც მკაფიოდაა ნათქვამი, რომ საქართველო „დემონსტრაციების გამართვას აღნიშნულ რეგიონში არ აპირებს",- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, გრიგოლ ვაშაძის უწყების შეფასებით, ძალზე საგანგაშოა, რომ რუსეთის ფედერაცია ამზადებს ფონს შემდგომი პროვოკაციებისა და რეგიონში არსებული ისედაც რთული სიტუაციის ესკალაციისათვის.
"ამგვარი საბჭოური სტილის პროპაგანდა მიზანმიმართულია რეგიონში სიტუაციის დაძაბვისაკენ, რაც ქმნის საფუძველს შესაძლო პროვოკაციებისათვის. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უკვე შევეჩვიეთ ამგვარ უსაფუძვლო ბრალდებებს და სერიოზულად აღარც აღვიქვამთ მათ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეაქციაც ადასტურებს იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაც აღარ აღიქვამს ამგვარ განცხადებებს სერიოზულად. თუმცა ჩვენ განვაგრძობთ მოვლენების განვითარების ყურადღებით დაკვირვებას, ვინაიდან ზუსტად არ ვიცით, თუ როგორი აგრესიული განზრახვები იმალება ამ განცხადების მიღმა.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია განცხადებაში ღიად დაფიქსირებული უპატივცემულობა იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების მიმართ. ადამიანები, რომლებიც საკუთარი საცხოვრებლებიდან გამოდევნილი იქნენ რუსული ძალებისა და საოკუპაციო რეჟიმების მიერ განცხადებაში მოხსენიებულნი არიან, როგორც აგრესიული ჯგუფი სიტუაციის დესტაბილიზაციისა და პროვოკაციების განხორციელების მიზნებით. საიდუმლო არაა, რომ რუსეთი წლების განმავლობაში ყველა საერთაშორისო ფორუმზე ეწინააღმდეგება ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების პროცესის დაწყებას. აღნიშნულ „ძალისხმევას" დღეს ცინიზმიც დაემატა. ამგვარად ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით პოზიციის ნათელი მაჩვენებელია", - აღნიშნულია განცხადებაში.