უკრაინაში მოკლული ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, გიორგი ღონღაძის საქმემ და ე. წ. "კასეტის სკანდალმა" 2003-2004 წლებში უკარინის ეკონომიკურ განვითარებას შეუსალა ხელი. ამის შესახებ დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, უკრაინის დამოუკიდებლობის 20 წლისთავთან დაკავშირებით მოწყობილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დინამიკა, რომელმაც პიკს 2003-2004 წლებში მიაღწია, შესაძლებელი იყო, გამხდარიყო არაჩვეულებრივი ფუნდამენტი მომავალი მოდერნიზებული ცვლილებებისა.
"მსოფლიო საზოგადოებამ სწორედ იმ წლებში დაიწყო უკრაინის, როგორც განვითარების მომავალი ცენტრალურ-ევროპული ცენტრის, აღქმა. იზრდებოდა მოქალაქეთა კეთილდღეობა და ამას თითოეული ოჯახი გრძნობდა. გვქონდა შანსი, დაჩქარებული წარმატებებისა, რომ არა გიორგი ღონღაძის ტრაგიკული მკვლელობა და ე.წ. კასეტის სკანდალი, რომლებიც გახდა მიზეზი ხანგრძლივი "ბრძოლისა წესების გარეშე" ძალაუფლებისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.
იანუკოვიჩის განცხადებით, არაეფექტური პოლიტიკური სისტემა, ხშირად არასამართლიანი მართლმსაჯულება, კორუმპირებული ჩინოვნიკების აპარატი ამუხრუჭებდა ქვეყნის განვითარებას.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე 2000 წელს მოკლეს. 2008 წელს დამნაშავეებად აღიარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ოფიცერი. დანაშაულებრივი ჯგუფის სავარაუდო ხელმძღვანელი პუკაჩი 2009 წელს დააკავეს. გამოძიებას სწორედ პუკაჩმა მიუთითა ჟურნალისტის დამარხული თავის ქალის ადგილი. უკრაინული მედია წერდა, რომ აღნიშნულ საქმესთან, შესაძლოა, კავშირი ჰქონდეთ ქვეყნის მაღალჩინოსნებს, მათ შორის მათაც, ვინც ამჟამად ხელისუფლებაში იმყოფება.