საქართველო მიესალმება ლიბიელი ხალხის სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისათვის, რომელიც უკანასკნელ დღეებში გადამწყვეტ სტადიაში შევიდა.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
"სასიხარულოა, რომ დიქტატორ კადაფის მრავალწლიანი მმართველობის პერიოდი, როგორც ჩანს, მალე დასრულდება და ლიბიელ ხალხს კვლავ მიეცემა საშუალება დაიცვან შელახული უფლებები და გამოხატონ თავისუფალი ნება ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭოს ძალისხმევებს ქვეყანაში წესრიგისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ განხორციელებულ ქმედებებს დიქტატორ კადაფისაგან მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.
"საქართველომ, რომელმაც საკუთარ თავზე ბევრჯერ გამოსცადა ომის და შიდა დაპირისპირების დამანგრეველი ძალა, კარგად იცის მშვიდობის და დემოკრატიის ფასი. იმედი გვაქვს, რომ მშვიდობიანი და დემოკრატიული ლიბია მალე დაძლევს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ჩამოიშორებს კადაფის მიერ დატოვებულ მძიმე მემკვიდრეობას და მოახერხებს ახალი ლიბიური სახელმწიფოს აშენებას, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიკავებს საერთაშორისო თანამეგობრობაში", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, საგარეო უწყების შეფასებით, ლიბიაში მიმდინარე მოვლენები კარგი მაგალითია მსოფლიოს ყველა დიქტატორისთვის, რომ ხალხის თავისუფალი ნების ძალადობით და მუქარით შეჩერება შეუძლებელია.