რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებისგან მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობს.
სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს მოაწყოს მასშტაბური პროვოკაცია 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით.
"მზადდება რაღაც "მშვიდობის მარში" საქართველოს დასახლებულ პუნქტ ოძისიდან სასაზღვრო პუნქტისკენ არსებულ გზაზე, რომელიც სამხეთ ოსეთის ქალაქ ლენინგორისკენ მიემართება,"- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება. მისივე ინფორმაციით, გადაწყვეტილია მსვლელობაში მონაწილეობა 3 ათასამდე ადამიანმა მიიღოს, მათ შორის დევნილებმა და ახმეტის რაიონში მცხოვრებმა ჩეჩნეთიდან დროებითმა ჩასახლებულმა პირებმა.
"ამ აქციის სცენარი ითვალისწინებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, მასობრივი უკანონო შეღწევის მცდელობას დევნილების საკუთარ სახლში დაბრუნების ლოზუნგით,"- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სამინისტროს ინფორმაციით, მსვლელობაში მონაწილეთა გადაბირება ორგანიზებულია დევნილთა გეგმიური რეგისტრაციის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ხაზით. ამასთანავე ფართოდ გამოიყენება ზეწოლისა და დაშინების მეთოდები, რიგ შემთხვეევებში მოქალაქეებს აიძულებენ ხელწერილების დაწერას "მშვიდობის მარშში" მონაწილეობის აუცილებელი პირობით", - განმარტავს ლავრობის უწყება.
"თბილისის ახალი უპასუხისმგებლო და პროვოკაციული ჩანაფიქრი უკიდურედ საშიშია, -" იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და დასძენს, რომ აღნიშნული რეგიონში არსებული ისედაც მყიფე სტაბილურ მდგომარეობას უქმნის საფრთხეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ მათ აშფოთებთ "მშვიდობის მარშის" ორგანიზატორების განსაკუთრებული ცინიზმი, რომლებიც თითქოს დევნილების ბედზე ზრუნავენ.
ლავროვის უწყება აფრთხილებს ქართულ მხარეს, უარი განაცხადოს რეგიონში ახალი ავანტიურის მოწყობისგან.
"ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი ერთგვაროვანი სიგნალები თბილისის მისამართით საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც გაიჟღერებს," - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.