სირიაში გაეროს ჰუმანიტარული მისია ჩავიდა, რომელიც ადგილზე მოქალაქეების მდგომარეობას შეისწავლის.
სირის ხელისუფლება კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლებს პირდება, რომ ქვეყნის ყველაზე პრობლემურ რეგიონებში შეიყვანს და საშუალებას მისცემს გაეროს წარმომადგენლებს ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრონ.
თუმცა, საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით უცნობია რამდენად თავისუფლად შესძლებენ ქვეყნის შიგნით გადაადგილებას, რომ სირიაში მიმდინარე პროცესებზე სრული სურათის შექმნა შესძლონ.
გაეროს დამკვირვებლები სირიაში მონიტორინგს 3-4 დღის განმავლობაში განახორციელებენ.
შეგახსენებთ, რომ სირიაში არეულობა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გამართულ დემონსტრაციებზე აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის გადადგომას და რეფორმების გატარებას ითხოვენ.
სირიის ლიდერმა მომიტინგეების წინააღმდეგ სამხედრო ძალები და ტექნიკა გამოიყენა, შედეგად კი, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 2000-მდე ადამიანია დაღუპული, რამდენიმე ათეული ათასი დაჭრილი, 10 ათასამდე მომიტინგე კი პატიმრობაში იმყოფება.