"თავისუფალი საქართველო" ექიმების მასობრივ დათხოვნასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამს.
"ხელისუფლებამ, კონკრეტულად კი ჯანდაცვის სამინისტრომ, ექიმების მასობრივი დათხოვნისა და შემცირებების ახალი ეტაპი დაიწყო. უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში ხელშეკრულებები შეუწყდა თბილისის დამწვრობის ცენტრისა და მე-8 საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის ასეულობით წარმომადგენელს. მიუხედავად ხელისუფლების არაერთი განცხადებისა, რომ საქართველოს არ ჰყავს არც ერთი ზედმეტი ექიმი, აღნიშნულ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალის თანამშრომლებისთვის სხვა ალტერნატიული სამსახური არ შეუთავაზებიათ", - აცხადებს კუკავა.
პოლიტიკოსის შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დიდი ტრადიციების მქონე სამედიცინო დაწესებულებების ლიკვიდაცია ხდება, რაც პრობლემას წარმოადგენს არა მარტო სამედიცინო პერსონალისთვის არამედ პირველ რიგში პაციენტებისა და შესაბამისად მთელი საზოგადოებისთვის.
"ქვეყანაში მიმდინარეობს ჯანდაცვის სისტემის ნგრევა", - მიაჩნია მას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მე-8 საავადმყოფოს შრომით კოლექტივს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერები კახა კუკავა და ალეკო შალამბერიძე შეხვდნენ.
"თავისუფალი საქართველო" უახლოეს რამდენიმე დღეში მე-8 საავადმყოფოს და დამწვრობის ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ხელისუფლების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.