სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროს ბადრი ბიწაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუწრებლად თავისუფლების 5,6 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლომ ბიწაძის საქმეზე განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ბიწაძე წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებისა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე იქნა ცნობილი.
"ბადრი ბიწაძეს ბრალად ედებოდა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის ორგანიზება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად ძალადობითა და ძალადობის მუქარით. საქმის მასალების მიხედვით: ბადრი ბიწაძე, რომლის ინიციატივითაც ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი მოძრაობა - "სახალხო კრებასთან" შექმნილი ნახევრად გასამხედროებული დაჯგუფება "შეფიცულები", 2011 წლის მაისის თვეში შეხვდა გია უჩავას და დაავალა "სახალხო კრების" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, სანდო და ფიზიკურად ძლიერი "შეფიცულები"-ს მეშვეობით, ხელკეტებით, ასევე იარაღად სხვა საგნების გამოყენებით მოეწყო პოლიციის მუშაკებზე თავდასხმა, რაც უნდა გადაზრდილიყო მაშტაბურ ფიზიკურ დაპირისპირებაში", - აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.