20 აგვისტოდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ მოსაკრებლის გადახდის ქვითარი და შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული სანადირო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი შესაბამისი ნებართვა უნდა იქონიონ.
დადგენილია სანადირო სახეობები, ნადირობის დღიური ლიმიტები და ვადები: მწყერი _ 20 ცალი, გარეული მტრედი _ 10 ცალი, ჩიბუხა _ 5 ცალი, ჩვეულებრივი გვრიტი _ 10 ცალი, ქედანი _ 10 ცალი, გულიო (გვიძინი) _ 10 ცალი (ნადირობის ვადა 20 აგვისტოდან 15 თებერვლამდე). ასევე, ტყის ქათამი _ 7 ცალი (ნადირობის ვადა 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე) და წყალმცურავები (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) _ სულ 8 ცალი (ნადირობის ვადა 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე).
სამინისტრო შეახსენებს ნადირობის მსურველებს, რომ ნადირობა აკრძალულია დაცული ტერიტორიების გარშემო 500 მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში და ყოფილი ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე.
აკრძალულია ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები:
• მცენარეული საფარის დაწვა; • გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;
• ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა, ან განადგურება;
• ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებების - ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების, ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
• ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით'.
• სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს; ნადირობისათვის
ნადირობა დაშვებულია შემდეგი იარაღებით:
• სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);
• სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);
• სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);
• სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;
• სანადირო პნევმატური იარაღი. აკრძალულია სანადირო იარაღის ზემოთ ჩამოთვლილი სახეების გარდა სხვა იარაღით ნადირობა.
ნადირობა, გადამფრენი ფრინველების მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითარის (დედანის) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, აგრეთვე აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში მეთოდებითა და მოწყობილობებით, ითვლება ნადირობის წესების დარღვევად და ისჯება კანონით.