ფეხით მოსიარულეთა 77%-ი მიწისქვეშა გადასასვლელით მუდამ სარგებლობს. აღნიშნული დასკვნა დადო ACT -იმ, რომელმაც ფონდ "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დაკვეთით, ივლისის თვეში კვლევა ჩაატარ. მთლიანობაში გამოიკითხა თბილისის 400 ზრდასრული მაცხოვრებელი.
ACT -ში განმარტავენ, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამ დედაქალაქის მოსახლეთა ჩვევებზეც იმოქმედა და საგრძნობლად გაიზარდა მიწისქვეშა გადასასვლელებით სარგებლობის სიხშირე.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ფეხით მოსიარულეთა 77% მუდამ სარგებლობს მიწისქვეშა გადასასვლელით - მათთვის ძირითადი მოტივატორი პირადი უსაფრთხოებაა(85%), გამოკითხულთა 13% კი საკუთარი ქცევის მთავარ მიზეზად კანონმორჩილებას ასახელებს.
გამოკითხული თბილისელების 18 %-ი აცხადებს, რომ მიწისქვეშა გადასასვლელებით იშვიათად სარგებლობს, ხოლო 5 %-ი კი აცხადებს, რომ მიწისქვეშა გადასასვლელებით არასოდეს სარგებლობენ.
აღსანიშნავია, რომ თბილისელები შედარებით ნაკლებად იყენებენ გადასასვლელ ხიდებს (47%). ამის ძირითად, ACT -ი ასახელებს იმ გარემოებას რომ თბილისელთა უმრავლესობას ეზარებათ ხიდზე ასვლა (30%), ნაწილისთვის კი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი ფიზიკური მდგომარეობაა (24%).
"მონაცემები საკმაოდ შთამბეჭდავია იმის გათვალისწინებით, თუ რა დამოკიდებულება იყო გადასასვლელების მიმართ უახლოეს წარსულში და იმედია ეს ტენდენცია მნიშვნელოვნად შეამცირებს უბედურ შემთხვევათა რაოდენობას დედაქალაქში"- განმარტავენ ACT -ში.
კომპანიაში განმარტავენ, რომ რამდენიმე წლის წინ საკმაოდ თავგანწირულ საქციელად ითვლებოდა მიწისქვეშა გადასასვლელებით სარგებლობა - ანტისანიტარია და სიბნელე მხოლოდ დამატებითი პრობლემების წყარო ხდებოდა, რის გამოც მოქალაქეები მოძრაობის წესების დარღვევას არჩევდნენ. ბოლო წლებში საგრძნობლად შეიცვალა დამოკიდებულება ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების მიმართ. გარდა მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებისა, თბილისში გაჩნდა გადასასვლელი ხიდები და შუქნიშნები წარწერით "დააჭირე და გადადი".