ახმეტის რაიონის სოფელ მატანში, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, თანასოფლელმა 31 წლის მამაკაცი იარაღით დაჭრა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილეები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
„პაციენტს ყელზე და პირში იარაღით მიყენებული გამჭოლი ჭრილობები ჰქონდა, რის გამოც დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. მას აღენიშნებოდა კანქვეშა ჰემატომაც. პაციენტი კონტაქტური კი იყო, მაგრამ არაადექვატური. პირველადი სამედიცინო დახმარება სასწრაფოდ აღმოვუჩინეთ, თუმცა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ის კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ მართვითი სუნთქვით თბილისში გადაიყვანა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის საავადმყოფოს რეანიმატოლოგმა თამილა კოტაშვილმა.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას ახმეტის პოლიცია აწარმოებს. ბრალდებული დაკავებულია.