"სახალხო კრების" შეფასებით, რაც დრო გადის, მით მეტად დასტურდება, რომ 26 მაისის შეკრების დაშლის წინ პოლიციელის მკვლელობა ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა.
"დრომ შეიძლება დაადასტუროს, რომ ხელისუფლებამ გაწირა პოლიციელი იმისათვის, რომ: 1. მოეხდინა „სახალხო კრების" და მის ლიდერთა დისკრედიტაცია, 2. გაეძლიერებინათ სისასტიკე სპეცრაზმელებში, რომ მათ დაუნდობლად ეცემათ მიტინგის მონაწილენი; 3. ხელისუფლებასაც და სპეცრაზმელებსაც გაემართლებინათ თავიანთი სისასტიკე", - ნათქვამია კრების განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ ზუსტად ასე გააკეთა საბჭოთა ხელისუფლებამ 9 აპრილთან დაკავშირებით.
"არაფერი შეცვლილა. საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „სახალხო კრების" წინააღმდეგ ზუსტად ისეთივე მოდელი გამოიყენა, როგორიც საბჭოთა ხელისუფლებამ 9 აპრილთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში.
„სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭო მიიჩნევს, რომ 26 მაისის დარბევა უნდა მივიდეს საერთაშორისო სასამართლომდე.
"სწორედ საერთაშორისო სასამართლომ უნდა გააკეთოს 26 მაისის სამართლებრივი შეფასება. საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც ყველამ უნდა გაიგოს სიმართლე 26 მაისთან დაკავშირებით. გაიგოს, სინამდვილეში რამდენი დაიღუპა სპეცოპერაციის დროს, რა პირობებში დაიღუპნენ ადამიანები, როგორ აწამეს ხალხი, რისთვის დაიჭირეს ადამიანები და რა ბრალდებებით. გაიგოს, მართლა აღლუმის ჩაშლა გვინდოდა, თუ ნამდვილი აღლუმის მოწყობა ტანკებისა და სამხედრო ტექნიკის და იმ მხედართმთავრის გარეშე, რომელიც მიწაზე დაწვა მაშინ, როცა ჯარს და ქვეყანას ზნეობრივი მაგალითი სჭირდებოდა. გაირკვეს პოლიციელის სიკვდილი შემთხვევითობაა, თუ ხელისუფლების მზაკვრობა: გაწირა პოლიციელი, ჩაიდინა მისი მკვლელობა, დააბრალა ბურჯანაძის კორტეჟს - „სახალხო კრების" მეტი სისასტიკით დარბევისათვის", - ნათქვამია კრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.