დღეს, 19 დეკემბერს წმ. ნიკოლოზის ხსენების დღეს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ვარძიის სამონასტრი კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეაფასებს.
კლდეში ნაკვეთი უნიკალური კომპლექსი ყოველწლიურად გადაუდებელი, პრევენციული სამუშაოების განხორცილებას საჭიროებს.
ძეგლის ძირითად დაზიანებებს კლდეზე წარმოქმნილი კონგლომერატები იწვევენ. ჩამოვარდნილი კონგლომერტი კლდეზე ბზარებს წარმოქმნის და კომპლექსის ეტაპობრივი ნგრევის საშიშროებას ქმნის. საფრთხის ასარიდებლად კონგლომერატების ხელოვნური მოცილება და კლდის გაწმენდა ძეგლის გაჯანსაღების მთავარი გარანტია.
ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული სამონასტრო კომპლექსის გადარჩენის მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით, ვარძიაში გადაუდებელი სამუშაოები ხუთი წელია ხორციელდება.
ამჟამად მთასვლელები ბიძინა გუჯაბიძის ხელმძღვანელობით სამონასტრო კომპლექსს მიუწვდომელი კონგლომერატებისგან ათავისუფლებენ და კლდის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. პარალელურად სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს ვარძიის წყალამრიდი სისტემების გაწმენდითი სამუშაოები.
ვარძიის 2009 წლის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება და 2010 წლის გაზაფხულზე განახლდება.