ნორვეგიის პოლიციას ანდერს ბეჰრინგ ბრეივიკის გარდა ტერაქტში სხვა ეჭვმიტანილი არ ჰყავს. სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, ბრეივიკი მარტო მოქმედებდა და ახალგაზრდულ ბანაკზე თავდასხმა მხოლოდ მან განახორციელა. ასევე მისი დაგეგმილი იყო ოსლოს ცენტრში, პრემიერ-მინისტრის ოფისთან განხორციელებული თავდასხმაც.
ნორვეგიის სამართალდამცველი უწყების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ გრძნობს. ეჭვმიტანილის ადვოკატი კი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ბრეივიკმა, ბანაკში სროლა საზოგადოების აზროვნების შეცვლის მიზნით განახორციელა.
"მან იცოდა, რომ მსგავსი ქმედება იყო საშინელი, მაგრამ ის ამის გაკეთებას მაინც საჭიროდ თვლიდა. ბრეივიკმა ბანაკში ადამიანების მოკვლა რამდენიმე ხნის წინ დაგეგმა", - განაცხადა ნორვეგიულ მედიასთან საუბრისას ბრეივიკის ადვოკატმა გრეიპ ლიპსტიდმა. მისი თქმით, მისმა კლიენტი რამდენიმე წელია თავის მოსაზრებებს წერს და იქ აქვს აღწერილი, თუ როგორ გეგმავდა თავდასხმას.
ბრეივიკმა ინგლისურ ენაზე დაწერა 1500 გვერდიანი დოკუმენტი. ისინი ბრეივიკმა დანაშაულებების ჩადენამდე რამდენიმე საათით ადრე ინტერნეტ ფორუმებზე გამოაქვეყნა ფსევდონიმით ანდრიუ ბერვიკი. მისი ნაშრომების უმეტესი ნაწილი ნორვეგიაში მუსულმანების მიგრაციას ეხება. ადამიანი, რომელმაც ნორვეგიაში 90-ზე მეტი ადამიანი მოკლა, აცხადებს რომ "ნაციონალისტია". მას კავშირი ჰქონდა მემარჯვენე ექსტრემისტებთან. ნორვეგიული პრესა ვარაუდობს, რომ მსგავსი ძალადობრივი ქმედებები გამოწვეულია ქვეყანაში ეკონომიკური რეცესიით და უმუშევრობის გაზრდით, ასევე რასიზმული და ანტი-ისლამური განწყობების გამო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნორვეგიას პრობლემები ჰქონდა ქვეყანაში არსებულ ნეონაცისტურ დაჯგუფებების გამო. თუმცა, ბოლო პერიოდში სამართალდამცველი უწყებები ამტკიცებდნენ, რომ ასეთი დაჯგუფებები ქვეყანაში ფაქტობრივად აღარ არსებობს და მათგან რაიმე პრობლემა გამორიცხული იყო.
ნორვეგიის დაცვის პოლიციამ რამდენიმე ხნის წინ ივარაუდა, რომ ქვეყანაში მემარჯვენე ექსტრემისტული განწყობები გამკაცრდებოდა. მაგრამ მათივე მტკიცებით, ექსტრემისტული დაჯგუფებები არიან ლიდერის გარეშე და მათი გააქტიურება და გაძლიერება იქნებოდა სუსტი და მოკრძალებული.
შეგახსენებთ, რომ ოსლოს ცენტრში მომხდარ აფეთქებასა და ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდულ ბანაკზე განხორციელებული შემზარავი თავდასხმის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი მოქალაქე დაშავდა., მათ შორის ორი ქართველი იყო.