ირაკლი გედენიძეს არ ჰქონდა უფლება სამსახურეობრივი საქმიანობის დროს გადაღებული მასალის გაყიდვის, - ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განუცხადა.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მყოფ ფოტოგრაფს, ირაკლი გედენიძეს, არ ჰქონდა უფლება, სამსახურეობრივი საქმიანობის დროს გადაღებული მასალის გაყიდვის. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, ეს არის იურიდიული თემები და ამისათვის უმჯობესი იქნება თუკი იურისტებთან გაივლით კონსულტაციას", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯაშუშობის ბრალდებით შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები - ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე დააკავა. გედენიძეს, ქურციკიძესა და აბდალაძეს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. მათ სასამართლომ წინასწარი დაპატიმრება შეუფარდა. ნათია გედენიძე კი ათათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. საქმეს გრიფი "საიდუმლო" დაედო.