სამუშაო ვიზიტით ევროპაში მყოფი „ქართული პარტიის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ თომას ჰამარბერგს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსთვის აქტუალურ თემებს. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დევნისა და პოლიტპატიმრების საკითხზე, რაზეც კომისარი თავის ბოლო მოხსენებაშიც ლაპარაკობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ქართული პარტიიდან აცნობეს, სოზარ სუბარმა თომას ჰამარბერგს გააცნო ბოლო ორი თვის განმავლობაში „ქართული პარტიის" წევრების, პარტიასთან დაახლოებული პირების, მათი ოჯახის წევრებისა თუ ნათესავების დევნის, უკანონო დაპატიმრების, წამებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიცირების, ყალბი ბრალდებების შექმნის ფაქტები.
ამავე კონტექსტში ლაპარაკი იყო „სახალხო კრების" წევრებისა და აქტივისტების, ასევე ,,შეფიცულებისა" თუ ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრების დევნაზე.
„ქართული პარტიის" თავმჯდომარემ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს აცნობა ხელისუფლების იმ უკანონო ქმედებების შესახებ, რაც უდანაშაულო მოქალაქეებისთვის იარაღის ჩადებაში და მათ მძევლად აყვანაში გამოიხატება. ნათქვამის საილუსტრაციოდ, სოზარ სუბარმა დაასახელა ,,ქართული პარტიის" წევრის ლევან ტერაშვილის მაგალითი, რომელიც, თურმე, ძმის დაკავების მიუხედავად, იარაღს სახლში ინახავდა და მას სველ, ნესტიან აბაზანაში „მალავდა". თომას ჰამარბერგს იმის შესახებაც ეცნობა, რომ სამართალდამცავებმა, გოჩა ლიჩელის ნაცვლად, მისი მამა და ძმა დააკავეს.
თომას ჰამარბერგთან შეხვედრის დროს, სოზარ სუბარმა ზეწოლის მკაფიო მაგალითად დაასახელა დაკავებულების იძულება, უარი თქვან ადვოკატების მომსახურებაზე.
„დაკავებულებს ჯერ აწამებენ, მერე ეუბნებიან, რომ საპროცესო შეთანხმებით შეღავათს მისცემენ, თუ ადვოკატზე და სამართლებრივ ბრძოლაზე უარს იტყვიან და საკითხს პოლიტიკურ ჭრილში არ გადაიყვანენ", - აღნიშნა „ქართული პარტიის" თავმჯდომარემ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრისას.
ჰამარბერგთან გამართული მოლაპარაკებების დროს საუბარი იყო აგრეთვე 4 ივლისს „ქართული პარტიის" ცენტრალურ ოფისში შეჭრასა და ზურაბ გიგუაშვილის დევნის ფაქტებზე . სოზარ სუბარმა ევროსაბჭოს კომისარს აცნობა, სამი წლის წინ როგორ აწამეს და გაიმეტეს სასიკვდილოდ ირაკლი ოქრუაშვილის ბიძა და როგორ დევნიან მას ახლაც.
სოზარ სუბარმა თომას ჰამერბერგს იმის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ მუდმივად მიმდინარეობს პარტიის ცენტრალური ოფისისა და პარტიის წევრებზე თვალთვალი.