ჰოლივუდის ვარსკვლავი ენდი გარსია, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომზე გადაღებულ ფილმში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის როლს ითამაშებს, საქართველოში ჩამოვიდა და ამჟამად ბათუმში იმყოფება.
ფილმების "კერკეტი კაკალი-2"-ის, "ხანგრძლივი კოცნა საღამოსა" და "მთამსვლელის" ავტორმა რენი ჰარლინმა საქართველოში თავისი ახალი ფილმის გადაღება უკვე დაიწყო.
რეჟისორმა ფილმისთვის სცენები წალკასა და გორში უკვე გადაიღო. გადაღებები იქნება ვარძიაში, მცხეთასა და თბილისშიც.
ფილმის მთავარი გმირები ამერიკელი ჟურნალისტი და მისი ოპერატორი არიან. მათ უწევთ ვალდებულებისა და მორალის საკითხების გადაწყვეტა თავისი ჟურნალისტური მიუკერძოებლობის შესანარჩუნებლად.
ჰარლინმა აღიარა, რომ მას უკვე დიდი ხანია უნდოდა სერიოზულ პროექტზე მუშაობა, სერიზულ დრამაზე, რომელიც ადამიანის სულიერ მდგომარეობას გამოხატავდა. მისი თქმით, ეს ფილმი არ იქნება პოლიტიკის შესახებ, იგი არ იქნება ანტირუსული, ანტიქართული ან ანტიამერიკული. ეს იქნება ფილმი ომის წინააღმდეგ. რეჟისორი ასვეე იტოვებს იმედს, რომ ეს მის კარიერაში საუკეთესო ფილმი იქნება.
ფილმის გადაღებები დაახლოებით ნოემბერში დასრულდება და კინოეკრანზე 2010 წლის მაისში გამოვა. თითქმის ორსაათიანი ფილმი ინგლისურენოვანი იქნება, სადაც მთავარ როლებს უცხოელი მსახიობები შეასრულებენ, ქართველი მსახიობები კი მეორეხარისხოვანი როლებით დაკავდებიან.