საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტის მიღებას, რომელიც რელიგიური გაერთიანებებისთვის სტატუსის მინიჭებას ეხება.
"ამა წლის 28 ივნისს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ იქნა "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი. საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, კანონპროექტის განხილვა წარიმართა დაჩქარებული წესით და ინიცირებიდან 5 სამუშაო დღეში სამივე მოსმენით იქნა მიღებული. ასეთი ტემპი გამორიცხავს საკანონმდებლო ცვლილებების განხილვაში რელიგიური მიმდინარეობების, განსაკუთრებით რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლების მონაწილეობას. ამავდროულად, ინფორმაცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის იმ სხდომებთან დაკავშირებით, სადაც კანონპროექტის განხილვა ხდებოდა პირველი და მესამე მოსმენით, საერთოდ არ გავრცელებულა პარლამენტის ვებ-გვერდის მეშვეობით, რაც რეგლამენტის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. თავად გუშინ (5 ივლისს) მიღებული კანონპროექტის საბოლოო ელექტრონული ვერსია ჩვენთვის მხოლოდ დღეს 96 ივლისს) გახდა ხელმისაწვდომი", - აცხადებს საია.
კანონპროექტით საქართველოს სამოქალაქო კოდექსს ემატება 15091 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, "რელიგიური გაერთიანებები შეიძლება დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად."
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოსაზრებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება რელიგიური ორგანიზაციებისათვის მართებული არ არის. თუმცა, ვინაიდან კონსტიტუციური შეთანხმებით უკვე დაშვებულია ამგვარი პრეცედენტი, ხოლო ამ უკანასკნელი დოკუმენტის გადახედვა დღის წესრიგში არ დგას, ვიმსჯელებთ უშუალოდ კანონპროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე.
აღსანიშნავია, რომ რომელიმე რელიგიური გაერთიანებისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება არ გულისხმობს მისთვის რაიმე შეღავათის/პრივილეგიის მინიჭებას. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სხვადასხვა ტიპის შეღავათები ექსკლუზიურად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, რაც არ არის თანაბრად ხელმისაწვდომი სხვა რელიგიური ორგანიზაციებისათვის, თუმცა აღნიშნული არ გამომდინრეობს თავად ეკლესიისთვის მინიჭებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსიდან. აღნიშნული პრობლემების მოგვარებას (თანაბარი საგადასახადო რეჟიმი ყველა რელიგიური გაერთიანებისათვის, საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა) წინამდებარე კანონპროექტი არ ხდის შესაძლებლად.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია სამართლებრივი სტატუსის თავისუფალი არჩევანის უზრუნველყოფა ყველა რელიგიური მიმდინარეობისათვის. ამ თვალსაზრისით, პარლამენტის მიერ სამივე მოსმენით მიღებულ კანონპროექტში კვლავ რჩება გარკვეული ბუნდოვანება. ერთის მხრივ, არ არის ნათელი თუ როგორ, რა მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დაადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო რელიგიური გაერთიანების მხრიდან საქართველოსთან ისტორიული კავშირის ქონას. მეორეს მხრივ, არ არის ცხადი, თუ რას გულისხმობს "რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ევროპის საბჭოს ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად." აღნიშნული ჩანაწერი იძლევა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას. შესაბამისად, საია მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით, დახვეწას საჭიროებს.