დღეს, მთავრობის კანცელარიაში ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე ნატო-ს გენერელური მდივნის თანაშემწეს უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში გაბორ იკლოდს შეხვდა.
შეხვედრაზე ნატოს-საქართველოს ურთიერთობები და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილეს. ასევე განიხილეს საქართველოს მიერ ნატო-ში გაწევრიანების ინსტრუმენტების - წლიური ეროვნული პროგრამისა და ნატო-საქართველოს კომისიის ეფექტიანად გამოყენებისა და ა.წ. ნოემბერში საქართველოში დაგეგმილი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის საბჭოს ვიზიტის მნიშვნელობის საკითხები. ასევე, საუბარი შეეხო ტერორიზმის, კიბერ და ენერგო უსაფრთხოების თემებს.
გიორგი ბარამიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ომის წარმოების მსოფლიოს ისტორიაში პირველად 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ, კონვენციური ომის დაწყებამდე კიბერ ომი წამოიწყო, რათა ერთის მხრივ, განეხორციელებინა საქართველოს თავდაცვის, სახელისუფლებო, ეკონომიკური და სხვა ინფრასტრუქტურის პარალიზება და მეორეს მხრივ საქართველოს საერთაშორისო საინფორმაციო სივრცისაგან იზოლირება ძირითადი სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე.
საქართველო ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო მთელი დასავლეთისთვის, როგორც ენერგოტრანზიტის ქვეყანა და ამავდროულად, ქვეყანა, რომელმაც მოახერხა გამხდარიყო ენერგოიმპორტიორი ქვეყნიდან ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა- დღევანდელ შეხვედრაზე ეს კიდევ ერთხელ აღნიშნა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ. მან ასევე, აღნიშნა, საქართველოს წარმატებული რეფორმები როგორც ამ, ისე სხვა სფეროში და რომ საქართველო არის მოდელი და კარგი მაგალითი მრავალი ქვეყნისთვის ჩვენს რეგიონში.
"მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მიღწევები არის აღიარებული და ვაპირებთ ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან, მათ შორის, ამ საკითხებზე გავაგრძელოთ ძალიან ინტენსიურად."-განაცხადა გიორგი ბარამიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
გაბორ იკოლდი ნატო-ში 2010 წელს შექმნილ ახალ უსაფრთხოების ახალი გამოწვევების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, რომელიც ითვალისწინებს ახალ, არატრადიციულ რისკებსა და საფრთხეებზე მუშაობას და მოიცავს ტერორიზმის, მასიური განადგურების იარაღის გაუვნებელყოფას, კიბერ და ენერგო უსაფრთხოების საკითხებს. აღნიშნული დეპარტამენტი დიდ როლს ასრულებს ახალი სტრატეგიული კონცეფციის განხორციელების პროცესში.