"ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ავტომატურად დგება რელიგიების შესახებ კანონის მიღების აუცილებლობა.
როგორც ვეფხვაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, რელიგიური გაერთიანებისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭება იმ საფრთხესაც შეიცავს, რომ ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ ავტომატურად დღის წესრიგში დგება რელიგიურ გაერთიანებების შესახებ კანონის მიღება.
"სხვანაირად რეგისტრირებას ვერც ერთი გაერთიანება ვერ მოახერხებს, იმიტომ რომ წესდებაში რა უნდა ეწეროს ამას კანონი რელიგიური გაერთიანების შესახებ განსაზღვრავს. გარდა ამისა, ამ კანონის მიღებაში ჩვენ საფრთხეს იმაში ვხედავთ, რომ პრაქტიკულად, კონკორდატი თავისი აზრით გახდება სადაო რელიგიური გაერთიანების შესახებ კანონის დონეზე და 50 ქვეყანაში აღიარებულ რელიგიურ მიმდინარეობას ზუსტად იგივე შეღავათი და დამოკიდებულება ექნება და მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, როგორც საქართველოს მართლადიდებელ ეკლესიას", - განმარტა ვეფხვაძემ.
ამასთან, "ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონით საქართველოში აღიარებული რელიგიის ცნება შემოდის, ისე, რომ კანონის ავტორებმა ამ ტერმინის არსი არ იციან.
"ევროპის ქვეყნებში არსებობს აღიარებული რელიგიის ცნება და ამ რელიგიებს აქვთ რეგისტრაციისთვის აუცილებელი კრიტერიუმები. ერთ-ერთი კრიტერიუმი არის მრევლის არსებობა და მოსახლეობის გარკვეული პროცენტის მრევლად გაწევრიანება. ავსტრიაში არის 2%, ნორვეგიაში - 3%, ზოგან - ერთი პროცენტი, ამ კრიტერიუმების არარსებობის გარეშე ამ გადაწყვეტილების მიღება არის სრულიად გაუგებარი", - განმარტა ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ნებისმიერი რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ევროსაბჭოს 50-მდე ქვეყანაში, სადმე მაინც არის აღიარებული საქართველოში ავტომატურად შეიძლება იყოს მოთხოვნილი და აღიარებული.
გარდა ამისა, ოპოზიციონერი დეპუტატისთვის გაუგებარია საჯარო რეესტრის დირექტორმა, როგორ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რომელ რელიგიურ გაერთიანებას აქვს ისტორიული კავშირი საქართველოსთან და რომელს არა.