ყალბი დოკუმენტების გამოყენებაზე გამოცხადებული ამნისტია უკვე ძალაშია. ამნისტიის მოთხოვნით უფლებამოსილი დაწესებულებებისათვის განცხადების წარდგენისა და განცხადების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა.
ბრძანების თანახმად, ამნისტიის მოთხოვნის შესახებ დადგენილი ფორმის განცხადება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, მის ტერიტორიულ სამსახურს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას წარედგინება. განცხადების წარდგენა შესაძლებელია აგრეთვე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.
განცხადებას უნდა დაერთოს გაყალბებული/არასწორი მონაცემის შემცველი დოკუმენტი, თუ პირი ფლობს აღნიშნულ დოკუმენტს. თუ პირს დაკარგული აქვს გაყალბებული/არასწორი მონაცემის შემცველი დოკუმენტი, სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში კეთდება აღნიშვნა დოკუმენტის დაკარგვის თაობაზე.
უფლებამოსილი დაწესებულება ვალდებულია შეისწავლოს არსებული მასალები და დაადგინოს საიდენტიფიკაციო მონაცემების პირველადი გაყალბების ან დოკუმენტებში არასწორი მონაცემის შეტანის დრო.
ამნისტიის მოთხოვნით განცხადების განხილვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 სამუშაო დღეს. უფლებამოსილი დაწესებულების დასკვნა მისი შედგენიდან არა უგვიანეს მე-3 სამუშაო დღისა უნდა გადაეცეს განმცხადებელს.
თუ უფლებამოსილი დაწესებულებისათვის შესაბამისი პირის მომართვის გარეშე ცნობილი გახდება "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია წერილობით აცნობოს გაყალბებული/არასწორი მონაცემების შემცველი დოკუმენტის მფლობელ პირს აღნიშნული ფაქტის გამოვლენისა და კანონის მოქმედების გავრცელების პირობების შესახებ.
პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს მოპოვებული მასალების როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით შენახვა (არქივირება). აღნიშნული მასალები 2012 წლის 31 დეკემბრის შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა საგამოძიებო ორგანოებს, თუ ამ ვადის გასვლამდე პირი არ მიმართავს უფლებამოსილ დაწესებულებას ამნისტიის მოთხოვნის შესახებ განცხადებით.
შეგახსენებთ, რომ "ამნისტიის შესახებ" კანონის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისაგან განთავისუფლდებიან პირები, რომლებიც 2012 წლის 31 დეკემბრამდე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში განაცხადებენ მათ მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული იმ ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საკუთარი თავის ან ნათესავის სასარგებლოდ ყალბი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, პასპორტი, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი და სხვა) დამზადებასთან, შეძენასთან, შენახვასთან, გამოყენებასთან, მისაკუთრებასთან, გადამალვასთან, განადგურებასთან, დაზიანებასთან.
ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ ყალბ დოკუმენტებზე, რომელსაც პირი 2007 წლი 1-ელ იანვრამდე აქვს გამოყენებული.