დუშეთის გეოფიზიკურ ობსერვატორიას პრობლემები აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის როგორც დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორიის ხელმძღვანელი რობერტ გოგუამ განაცხადა, დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორიისთვის გამოყოფილი ერთადერთი თანხა თანამშრომლების - 4 მეცნიერთანამშრომლის და 4 დარაჯის მწირი ხელფასია.
"იყო დრო, როცა ცდების ჩასატარებლად ხელსაწყოებიც არ გვქონდა. 5 წლის წინ, იაპონიის გეომაგნიტიზმის ცენტრმა საჩუქრად თანამედროვე ხელსაწყოები გადმოგცა. გეომაგნიტიზმის საერთაშორისო ასოციაცია გლობალური დათბობისა და გეოფიზიკური ველების გლობალური ცვლილებების კვლევას ახორციელებს. ამ პროცესში ჩვენი ობსერვატორიაც არის ჩართული. თანამშრომლობა ძალიან გვიჭირს. წესით, ჩვენი მონაცემები ფინეთში ყოველ თხუთმეტ წუთში ერთხელ უნდა გადაიგზავნოს, მაგრამ ინტერნეტი არ მოგვეწოდება და ინფორმაციის გასაგზავნად თბილისში ჩავდივართ", - აღნიშნავს გოგუა.
ობსერვატორიას მუშაობაში ხელი რომ არ შეშლოდა, თავის დროზე ის საგანგებოდ იყო დაცული. როგორც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, კანონი სამეცნიერო დაწესებულებიდან 500 მეტრის რადიუსში ახალი ნაგებობის მშენებლობას კრძალავდა, ამჟამად კი დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორიის ირგვლივ რამდენიმე ახალი მშენებლობა მიმდინარეობს. ობსერვატორიის ღობე მთლიანად მორღვეულია, სამეცნიერო დაწესებულების დამხმარე შენობა-ნაგებობები კი გაძარცული და განადგურებული.
დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და ამიერკავკასიის მასშტაბით ამ პროფილის ერთადერთი სამეცნიერო დაწესებულებაა. თავისი მნიშვნელობის მიუხედავად, ობსერვატორიაში სამეცნიერო მუშაობისთვის საჭირო პირობები არ არსებობს.
ობსერვატორია 175 წლის უნიკალურ მეცნიერულ მასალას ინახავს. ამ სამეცნიერო დაწესებულებას ისტორიაც გამორჩეული აქვს. აქ ნიკოლოზ ბარათაშვილი და იოსებ სტალინი მუშაობდნენ. ობსერვატორიის ეზოში კი ცნობილი რუსი პოეტის, ალექსანდრე პუშკინის ბებიაა დაკრძალული.
ობსერვატორია დედამიწას და მასში მიმდინარე ფიზიკურ პროცესებს აკვირდება. მისი მონაცემები მიწისძვრის წინამორბედი პროცესების კვლევისთვის გამოიყენება. წლების განმავლობაში დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია გეოფიზიკის ინსტიტუტის დაქვემდებარებაში იყო. რამდენიმე თვის წინ, ის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადასცეს.
გეოფიზიკური ობსერვატორია 1836 წელს თბილისში დაარსდა. იმ დროისთვის მსოფლიოში სულ 30 ობსერვატორია ფუნქციონირებდა. 1904 წელს ქალაქში ელექტროფიცირებული ტრანსპორტის ამუშავების გამო ობსერვატორია მცხეთის მახლობლად სოფელ კარსანში გადაიტანეს. თბილისი-ხაშურის რკინიგზის ამოქმედების შემდეგ, სამეცნიერო დაწესებულებას ადგილსამყოფელი კიდევ ერთხელ შეუცვალეს და 1935 წელს დუშეთში გადაიტანეს.