გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციას 57 - მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. როგორც გაერო იუწყება რეზოლუციის წინააღმდეგ 13 ქვეყანა წავიდა, თავი კი 74 ქვეყანამ შეიკავა. ამავე დროს რეზოლუციაში დევნილთა ქონების ხელშეუხებლობის გარანტიებიც არის ჩადებული. რეზოლუციის თანახმად, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების უფლებები დაცული უნდა იყოს. ასევე აუცილებელი უნდა იყოს მათი ქონების ხელშეუხებლობა. გათვალისწინებულია ისიც, რომ უნდა მორჩეს იძულებით დემოგრაფიული ცვლილებები. რეზოლუცია ასევე მოითხოვს, რომ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებისთვის, დევნილებისთვის და სხვა პირებისთვის შეუფერხებლად განხორციელდეს ჰუმანუტარული საქმიანობა.
„გაეროს წევრი სახელმწიფოების შეფასებით ეს არის დიდი წარმატება. ჩვენი რეზოლუციის მხარდაჭერის ბაზა გაფართოვდა 7 სახელმწიფოთი, ხოლო რუსეთის მხარდამჭერებს გამოაკლდათ კიდევ 4 სახელმწიფო. შეიძება ითქვას, რომ ამ კენჭისყრით თითქმის შეუქცევადი გახდა გაეროს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების მიმართ", - განაცხადა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ალექსანდრე ლომაიამ.