„საქართველოში რეალური დემოკრატიული ცვლილებები მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის მიერ პირდაპირი დემოკრატიის განხორციელებით და დიქტატურის დასრულების შემდეგაა შესაძლებელი", - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებაშია ნათქვამი.
ნინო ბურჯანაძის პარტია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული საარჩევნო გარემოს შესაქმნელად საარჩევნო კოდექსში ცვლილებების გარდა, საჭიროა ხუთი ძირითადი კომპონენტი: 1.თავისუფალი სასამართლო; 2. თავისუფალი მედია;
3. თავისუფალი ბიზნესი; 4. დამოუკიდებელი ცენტრალური საარჩევნო კომისია; 5.დეპოლიტიზირებული პოლიცია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული კვლევა ნათლად ასახავს ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის თავისუფლების ხარისხს. 2008 -2010 წლების საარჩევნო კამპანიის დროს მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება მინიმუმ 7-ჯერ (2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები) და მაქსიმუმ 26-ჯერ (2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები) აღემატებოდა ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებათა ჯამს. ნათელია თუ რა შედეგი შეიძლება დადგეს ასეთი თანაფარდობის პირობებში", - აღნიშნულია განცხადებაში.
ბურჯანაძის პარტიის შეფასებით, აღნიშნული ერთი ფაქტიც კი საკმარისია იმის დასანახად, რომ სამართლიანი კონკურენციის გარემო ქვეყანაში არ არსებობდა და რომ სააკაშვილის რეჟიმთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე საუბარი უტოპიაა.
„არც ერთი დიქტატორული და ავტოკრატული ხელისუფლება არასოდეს, არც ერთ ქვეყანაში, არ წასულა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე, რადგან ეს თავისთავად რეჟიმის შეცვლას ნიშნავს. საქართველოში, რეალური დემოკრატიული ცვლილებები მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის მიერ პირდაპირი დემოკრატიის განხორციელებით და დიქტატურის დასრულების შემდეგაა შესაძლებელი", - ნათქვამია განცხადებაში.