პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნაზე ალაპარაკდნენ.
პარლამენტში არ გამორიცხავენ, რომ ფრაქციის შექმნის პერსპექტივა 26 მაისს მედიაზე ზეწოლის ფაქტების გამოძიების მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიას დაუკავშირდეს.
აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაზე განცხადება გუშინ ექვსმა დეპუტატმა დაანონსა, კერძოდ კი ჯონდი ბაღათურიამ, რომან მარსაგიშვილმა, პეტრე მამრაძემ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ, თამაზ დიასამიძემ და კარლო კოპალიანმა.
აღნიშნული კომისიის შექმნას, რომელმაც მედიაზე ზეწოლის ფაქტები 2007 წლის ნოემბრის მოვლენებიდან დაწყებული 26 მაისს მომხდარი ინციდენტებიც დასრულებული უნდა გამოიძიოს, ხელს ასევე აწერს პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი და სავარაუდოდ, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი "ლეიბორისტი" დეპუტატებიც.
რეგლამენტის თანახმად, კი ფრაქციის შექმნისთვის 6 დეპუტატია საჭირო, ამ კომისიის შექმნის სურვილმა კი ექვსი და მეტი დეპუტატიც გააერთიანა, თუმცა დღეს, მარსაგიშვილის გვარი შესაძლო ხელმომწერებიდან გაქრა.
როგორც მან დღეს ჟურნალისტებს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, კომისიის შექმნას ხელს არ აწერს და "ეს თემა არც აინტერესებს".
რაც შეეხება უმრავლესობის ყოფილი წევრის პეტრე მამრაძის პოზიციას პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნის საკითხთან დაკავშირებით, დეპუტატი აცხადებს, რომ თუ ფრაქციის შექმნის იდეა გაჩნდება, მისი მხრიდან პრობლემა არ იქნება და მას არც ფრაქციის თანამდებობები აინტერესებს და არც მისი თავმჯდომარის ვინაობა.
"თუ იქნება 5 კაცი, მე-6 მე აუცილებლად ვიქნები", - აღნიშნა მამრაძემ.
"ქართული დასის" ლიდერის დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას თქმით კი, ამ ეტაპზე "ვირტუალურ და თეორიულ შესაძლებლობებზე ლაპარაკი" არ სურს.
ამასთან, ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" წევრი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, ახალი ფრაქციის შექმნის თეორიული შანსი, ნამდვილად არსებობს თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ ამ ეტაპზე რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
"კომისიის შექმნის საკითხი მნიშვნელოვანი წყალგამყოფი იქნება არა მხოლოდ უმრავლესობასთან, არამედ ოპოზიციის დანარჩენ ნაწილთანაც", - მიაჩნია ლორთქიფანიძეს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომან მარსაგიშვილის "გადმობირებას" დეპუტატთა ეს ჯგუფი კვლავ შეძლებს და შესაბამისად, ფრაქცია "ძლიერ საქართველოს" ის დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ერთად დატოვებს, ეს უკვე პარლამენტში არა თუ ახალი ფრაქციის შექმნის, არამედ ძველი, "ძლიერი საქართველოს" და მეტიც, საპარლამენტო უმცირესობის დაშლის პერსპექტივასაც აჩენს.