სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და მისმა უფროსმა მრჩეველმა, განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა ტრეფიკინგის საკითხებში ლუის სიდებეკამ 27 ივნისს ტრეფიკინგის შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" აშშ-ის საელჩოდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ანგარიშის მიხედვით, მეხუთე წელია, საქართველო მოწინავე ქვეყნების რიგებშია.
"საქართველო სრულად იცავს იმ სტანდარტებს, რაც ტრეფიკინგის აღმოსაფხვრელადაა საჭირო. საქართველო თანმიმდევრულად ახორციელებს დაბალხარჯიან, ინოვაციურ პროგრამებს ტრეფიკინგის მსხვერპლთა მხარდასაჭერად და დამნაშავეთა დევნისათვის. საქართველო ანტიტრეფიკინგული აქციის ფარგლებში ტრეფიკინგის მსხვერპლთ თავშესაფრითა და სხვა სახის დახმარებებით უზრუნველყოფს, რაც სამედიცინო და იურიდიულ დახმარებას, აგრეთვე ფსიქოლოგიურ კონსულტაციას მოიცავს", - ნათქვამია ანგარიშში.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, იმისთვის, რომ ეს პოზიცია შეინარჩუნოს, საქართველომ უნდა გამოიჩინოს მეტი ძალისხმევა სექსულურ და შრომით ტრეფიკინგში დამნაშავე პირების მოსაძებნად და დასაკავებლად, აგრეთვე ტრეფიკინგის მსხვერპლთა გამოსააშკარავებლად და დასახმარებლად. საქართველომ უნდა განაგრძოს დაზარალებულთა დახმარების პროგრამების დაფინანსება, უზრუნველყოს, რომ ტრეფიკინგით დაზარალებული პირები არ იყვნენ დაჯარიმებული ტრეფიკინგში მონაწილეობისთვის. საქართველომ უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა უცხო ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან, ჩაატაროს ტრეინინგი საკონსულოს ოფიცრებისთვის იმ ქვეყნებში, სადაც მიემართებიან ტრეფიკინგით დაზარალებული მოქალაქეები.
სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის კონგრესს ყოველწლიურად უგზავნის მოხსენებას, რომელშიც უცხოურ მთავრობათა ტრეფიკინგთან ბრძოლაა აღწერილი. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 184 ქვეყანას მოიცავს. მასში ასახულია სხვადასხვა მთავრობის მიერ ტრეფიკინგის, როგორც მონობის თანამედროვე ფორმის, წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიზანია, გაზარდოს მსოფლიო საზოგადოების ინფორმირებულობა ტრეფიკინგის შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ანგარიშში შეფასებულია აშშ-ის მთავრობის ძალისხმევაც ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში.