საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთსა და საქართველოს შორის ომის შედეგების თაობაზე მონიტორინგის კომიტეტის საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიციას მიესალმება. აღნიშნულის შესახებ საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუცია ფოკუსირებას ახდენს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის გაძლიერების აუცილებლობაზე, რათა გაიზარდოს მონიტორინგის პროცედურის ეფექტურობა და უზრუნველყოფილ იყოს წევრი სახელმწიფოს მიერ გაწევრიანებისას ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას იმ ფაქტის თაობაზე, რომ ქვეყნების ინდივიდუალური მონიტორინგისთვის შედეგების წარდგენის ვადა ხშირად ირღვევა.
"სამწუხაროა, რომ ასამბლეაზე რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული ანგარიში არ განხილულა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ამ მნიშვნელოვანი რეზოლუციის მიღებას და წარმატებას უსურვებს საპარლამენტო ასამბლეას თავის ძალისხმევაში, ხელი შეუწყოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა დაცვისა და კანონის უზენაესობის საერთო ევროპული ღირებულებების განვითარებას და ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ნაყოფიერ თანამშრომლობას ევროპულ ინსტიტუტებთან, რომელთა დახმარება უმნიშვნელოვანესია ჩვენი შემდგომი ევროპული ინტეგრაციის მისაღწევად", _ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 24 ივნისს საზაფხულო სესიაზე მიიღო რეზოლუცია "ასამბლეის მონიტორინგის პროცედურის განვითარების შესახებ (2010 წლის ივნისი - 2011 წლის მაისი)", რომელიც ეფუძნება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარისა და მომხსენებლის დიკ მარტის წლიურ ანგარიშს.
მონიტორინგის კომიტეტი თავის ყოველწლიურ ანგარიშში აჯამებს საქმიანობას 2010 წლის ივნისიდან დღემდე. აღნიშნული ანაგარიში ასევე ითვალისწინებს უფრო ზოგად მოსაზრებებს საპარლამენტო მონიტორინგის პროცედურის მიღწევებსა და გამოწვევების თაობაზე დაარსებიდან 15 წლის განმავლობაში და რამდენიმე დასკვნას აკეთებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით.
"განსაკუთრებით აღნიშნულია 2010 წლის 15 ოქტომბერს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რომლებიც იძლევიან სასამართლოს დამოუკიდებლობის უფრო მყარ გარანტიას, არსებითად აძლიერებენ პარლამენტის როლსა და ძალაუფლებას და უზრუნველყოფენ ძალაუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ეფექტურ და ყოვლისმომცველ ურთიერთ კონტროლის სისტემას", _ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.