დედოფლისწყაროში ხორბლის ნათესებს პურის ხოჭო ანადგურებს - ამის შესახებ ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამმართველოდან აცნობეს. სპეციალისტების ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა შირაქის ველზე.
,,დედოფლისწყაროში პურის ხოჭოს მიერ მარცვლების დაზიანება შეინიშნება. იგი გავრცელებულია როგორც შუაგულ შირაქში, აგრეთვე "დიდნაურისა" და "ჩალიან ხევის" მიდამოებში. ძლიერი გავრცელების შემთხვევაში, თუ მავნებელი ერთ კვ. მეტრზე 10-დან 15 რიცხვამდეა, საჭიროა ჩაატაროთ წამლობა რომელიმე პრეპარატებით: "მოსეტამი" 0,2-0,3 კგ. ჰექტარზე ან "ალპაკი" 0,1-0,15 კგ. ჰა-ზე. ამას გარდა, მზესუმზირის ნათესებში შეინიშნება კუტკალიების მიერ ფოთლების დაზიანება. მის წინააღმდეგ გამოიყენება "დურსბანი"1,5 კგ ჰა-ზე," - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამმართველოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტი ილია ზურაშვილი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას დაუყოვნებლივ პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს.