პარლამენტის ქუთაისში გადატანა რა თქმა უნდა ხარჯიანია, მაგრამ დემოკრატია საერთოდ ხარჯია. ამის შესახებ დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა.
"ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ საქართველოს ინსტიტუტები იყოს ძლიერი. ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს რეფორმა არ არის "ნაციონალური მოძრაობის" ახირება, ეს კეთდება საქართველოს სახელმწიფოს კიდევ უფრო მეტად გამყარებისთვის. საერთოდ, დემოკრატია ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამ მოტივით, საერთოდ, გავაუქმოთ პარლამენტი ან სხვა სახელმწიფო უწყებები და ამით დიდი ფული დაიზოგება. ჩვენ უფრო მეტ თანხას დავზოგავთ და უფრო მეტ რამეს გავაკეთებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო იყოს მყარი, ინსტიტუციონალურად გამართული. როცა ჩვენ ამ რეფორმაზე მივდივართ ეს ამით არის განპირობებული", - განმარტა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, პარლამენტის ქუთაისში გადატანა არა არის თბილისის წინააღმდეგ მიმართული, რადგან საქართველოს დედაქალაქი უნდა გახდეს და არის კიდევაც ერთ-ერთი სამაგალითო ქალაქი კავკასიაში.
"ინსტიტუციონალურად, პარლამენტის ფუნქციონალურობისთვის, პარლამენტის წევრებისთვის, აპარატის თანამშრომლებისთვის გაცილებით უკეთესი პირობები იქნება ახალ შენობაში ვიდრე დღეს გვაქვს. დიახ, ეს გამოიწვევს რაღაც კონკრეტული ხარჯების გაწევას, ჩვენ მოგვიწევს სახელმწიფო ხარჯების შეზღუდვა, რომელიც სხვა ღონისძიებებისთვის არის გამოყოფილი და ამას ვაკეთებთ კიდეც", - აღნიშნა მაჭავარიანმა.