"თავისუფალი დემოკრატების" წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი საქართველოს პარლამენტის ქუთაისში გადატანას ქართული პარლამენტარიზმის გადანადგურებად აფასებს. ამის შესახებ ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების შეფასებისას განაცხადა.
"100 მილიონ ლარამდე რაც ქუთაისში პარლამენტის შენობის აშენებისთვის იხარჯება, უმჯობესი იყო ქუთაისისა და იმერეთისთვის მიზნობრივი პროექტების განხორციელებისთვის გამოგვეყო. დარწმუნებული ვარ, ამას უფრო დააფასებდნენ ამ ულამაზესი კუთხის მაცხოვრებლები, ვიდრე იმას, რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება ვითომ ქუთაისზე სიყვარულითა და რეგიონალიზმის განვითარების მოტივით აკეთებს", - აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
მისივე შეფასებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ანგარიშსწორება თბილისისა და თბილისელების წინააღმდეგ კვლავ გრძელდება.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, პარლამენტის ადგილსამყოფლად ქუთაისი განისაზღვრა.