კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მამუკა არეშიძის ინიციატივა უაზრობაა და ამით აფხაზეთი რუსეთს საბოლოოდ ჩაბარდება.
"საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე საუბარი შეიძლება დაიწყოს იმ ერთადერთი მიზნით, რომ მის უპერსპექტივობას და ამ იდეის უაზრობას მივხვდეთ. ჩვენი საზოგადოების მთავარი ტრაგედია არის ის, რომ აკრძალული თემები გვაქვს. თუ ყველაფერზე და მათ შორის ამაზეც ვისაუბრებთ, მივხდევით რომ ეს არის უაზრობა და ამ წინადადებას პერსპექტივა არ გააჩნია", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ზაქარეიშვილმა
ამასთან, ის არ იზიარებს კოლეგის იმ მოსაზრებას, რომ დამოუკიდებლობის აღიარება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში პოზიტიური დინამიკის დაწყების ერთადერთი რესურსია და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით „ბევრი ღონისძიების გატარება შეიძლება".
"დღევანდელი გადასახედიდან მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ მის გამოსასწორებლად ბევრი ღონისძიების გატარება შეიძლება. მაგალითად, ვაღიაროთ აფხაზეთის პასპორტები საქართველოს შიდამოხმარების პასპორტებად, მივცეთ აფხაზებს ამ პასპორტებით საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე განათლების და მკურნალობის საშუალება, შემოვუშვათ ისინი ჩვენთან თავიანთი მანქანებით. ზღაპარი და მითიური აზროვნებაა ის, რომ აღნიშნულიც, გარკვეულწილად, აფხაზეთის აღიარებას ნიშნავს. ეს ასე არაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, გარდა იმისა, რომ შევცვალოთ კონსტიტუცია, რომელშიც წერია, რომ საქართველო არის განუყოფელი და ვიფიქროთ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. შეიძლება ამ საკითხზე ვილაპარაკოთ, მაგრამ არ უნდა გავაკეთოთ. ჯერ სხვა ნაბიჯებია გადასადგმელი", - განმარტა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ზაქარეიშვილმა.
გარდა ამისა, კონფლიქტოლოგის აზრით, მამუკა არეშიძე აფხაზეთში არსებულ ვითარებას „კარგად არ უნდა იცნობდეს", რაზეც ის წინაპირობები მიუთითებს, რომელიც ექსპერტის აზრით, ქართულმა მხარემ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ უნდა დააყენოს.
„ბატონი მამუკა ერთის მხრივ ამბობს, რომ დამოუკიდებლობის აღიარება აფხაზების გენოფონდს და მათ იდენტობას გადაარჩენს, მეორე მხრივ კი აცხადებს, რომ დამოუკიდებლობის აღიარება დევნილების დაბრუნების წინაპირობით უნდა მოხდეს. თუ რამის ეშინიათ აფხაზებს და მართლა ცეცხლივით ეშინიათ, ეს არის დევნილების დაბრუნება. ამიტომ, ისინი საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენენ ქართველებისგან მიიღონ აღიარება და ამის სანაცვლოდ გადაიხადონ დევნილების დაბრუნების საფასური. ეტყობა, ბატონმა მამუკამ კარგად არ იცის აფხაზეთში არსებული სიტუაცია და ის, რომ აფხაზებისთვის დებნილების დაბრუნებაზე საუბარიც კი მიუღებელია", - აღნიშნა კონფლიქტოლოგმა.
პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ აღიარება საქართველოს ინტერესებს კი არა, უპირველესად თავად აფხაზი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება, რადგან ამ გადაწყვეტილებით „აფხაზეთს საბოლოოდ ჩავაბარებთ რუსეთს, ჩვენ კი მასზე ხელებს დავიბანთ და ვიტყვით, რომ საქართველო უნიათო და უუნარო სახელმწიფოა, რომელსაც არ შესწევს უნარი საკუთარ ხალხს უპატრონოს".
„ჩვენ რომ აფხაზეთი ვაღიაროთ, მას მსოფლიოც აღიარებს, თუმცა ამის მიუხედავად, აფხაზეთი, რომელიც მიბმულია რუსეთზე, ვერასდროს იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო. იქ არის რუსეთის ჯარები, რუსეთის სამხედრო ბაზები, რუსული რუბლი ტრიალებს, რუსული ეკონომიკაა შექმნილი. არავის აინტერესებს აფხაზეთში რა ხდება, ის აბსოლუტურად უინტერესო ტერიტორიაა მსოფლიოსთვის. აფხაზეთი აინტერესებს მხოლოდ საქართველოს და მხოლოდ რუსეთს. ამ ფონზე, რუსეთი მაქსიმალურად ჩაეჭიდება აფხაზეთს და მას საქართველო ვეღარ უშველის. ნორმალური საქართველო, სააკაშვილის გარეშე საქართველო აფხაზეთს მერე ვეღარ გადაარჩენს. იქამდე კი. ვიდრე არ ვაღიარებთ, აფხაზების შენარჩუნების შანსები არსებობს და ის საკმაოდ მაღალია", - განუცხადა ზაქარეიშვილმა „ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის აზრით, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს, რითაც ამ ტერიტორიასთან მიმართებაში რუსეთს მორიგი მანევრის გაკეთების შანსს მოუსპობს, თავად აფხაზების ეთნოფონდს კი გადაშენებისგან იხსნის.