დღეს, 19 ოქტომბერს, ორდღიანი ვიზიტით საქართველოს აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის ალექსანდრ ვერშბოუს ხელმძღვანელობით ამერიკის სამთავრობო დელეგაცია ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, აშშ-ის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში უსაფრთხოების საკითხებში ამერიკისა და საქართველოს მთავრობათა სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება.
საქართველოს საგაერო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ნალბანდოვის განმარტებით, ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს შორის გაფორმებულ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც კონკრეტული მიმართულებებით მომუშავე ჯგუფებია შექმნილი. ვერშბოუც ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელია, რომელიც უშუალოდ უსაფრთხოებისა და ამ სფეროში საქართველოსა და ამერიკის თანამშრომლობის საკითხებზე მუშაობს.
როგორც ცნობილია, აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის საფუძველზე ოთხი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლებიც სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიით განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე - დემოკრატიის, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, ასევე ამერიკელი და ქართველი ხალხის ურთიერთობების მიმართულებებზე იმუშავებენ. უსაფრთხოების საკითხებში ამერიკისა და საქართველოს მთავრობათა სამუშაო ჯგუფი საქართველოს თავდაცვის რეფორმას, ნატო-ს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობას, ასევე რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს. სხვა სამუშაო ჯგუფების შეხვედრები ნოემბერსა და დეკემბერში გაიმართება.
აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას 2009 წლის იანვარში მოეწერა ხელი. სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაზე მომუშავე კომისიის ინიციატივით, 2009 წლის ივნისში, ვაშინგტონში, ამერიკისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა შეხვედრისას, შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომელთაც ქარტიით გათვალისწინებული პირობების შესრულება დაევალა.