საქართველოს მთავრობა სასჯელთა შეკრების წესის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტს განიხილავს. კანონპროექტს მთავრობის წევრებს მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა გააცნობს, რომელიც სახელმწიფო კანცელარიაში მიმდინარე სხდომას ესწრება.
როგორც სხდომის დაწყების წინ მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული კანონპროექტი ლიბერალიზაციის მიმართულებით გადადგმულ მორიგ ნაბიჯს წარმოადგენს.
"ჩვენი შეთავაზება ეხება დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელთა შეკრების წესის ლიბერალიზაციას. მის ფარგლებში გადაწყვეტილების მიმღებ პირს უფლება ექნება სასჯელის შეჯამებისას არ შეაჯამოს განაჩენთა სრული ოდენობა, არამედ ყველაზე მძიმე განაჩენთან მოახდინოს მხოლოდ დანარჩენი სასჯელების ნახევარის დაჯამება", - განმარტა ზოდელავამ.
მისივე განმარტებით, დღევანდელი კანონმდებლობით, გადაწყვეტილების მიმღები პირი ვალდებულია ყველა განაჩენი სრულად შეკრიბოს.
ზოდელავა იმედს გამოთქვამს, რომ პროკურატურტის აღნიშნულ ინიციატივას ჯერ საქართველოს მთავრობა შემდეგ კი პარალმენტი მხარს დაუჭერს.