პარლამენტმა სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშზე უმრავლესობის მიერ მომზადებული დადგენილება 83 ხმით, 5-ს წინააღმდეგ მიიღო.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული დადგენილების მიხედვით სახალხო დამცველის ანგარიში წელსაც მხოლოდ ცნობად მიიღეს.
კერძოდ, დადგენილების პროექტში ნათქვამია, რომ "ცნობად იქნეს მიღებული "2010 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიში მოხსენება.
ასევე, ცნობად იქნება მიღებული პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინფორმაცია "2010 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიში მოხსენების თაობაზე.
დადგენილების პროექტის მესამე პუნქტში ნათქვამია, რომ "პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს დაევალება, რომ განახორციელოს მონიტორინგი "2010 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებაში მითითებული ფაქტების პრევენციისა და რეკომენდაციების შესრულებისკენ მიმართული ღონისძიებების გატარებაზე".