საპარლამენტო უმრავლესობას იმედი აქვს, რომ კახა ბაინდურაშვილთან მომავალში სოციალურ საკითხებთან დაკავშირებითაც ითანამშრომლებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა.
"კიდევ ერთი რამე მინდა გაგიმხილოთ: ბაინდურაშვილი არა მხოლოდ ფინანსთა მინისტრი იყო, მას ძალიან კარგი და სწორი ხედვები ჰქონდა სხვადასხვა მიმართულებით. დარწმუნებულები ვარ, ჩვენი გუნდი სოციალურ და საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით მომავალშიც ითანამშრომლებს", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ვიცე-სპიკერის შეფასებით, ბაინდურაშვილი ბოლო წლებში ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე პერიოდში მოუხდა მოღვაწეობა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებებია. ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა თანამდებობა დატოვა და კერძო სექტორში გადაინაცვლა, მას ამ პოსტზე მისი მოადგილე დიმიტრი გვინდაძე ჩაანაცვლებს.