საქართველოს ახალი ფინანსთა მინისტრი ჰყავს. უწყებას უკვე ყოფილი მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის მოადგილე დიმიტრი გვინდაძე უხელმძღვანელებს.
გვინდაძე საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პრესკონფერენციაზე წარუდგინა.
როგორც გილაურმა განმარტა, დიმიტრი გვინდაძის დაწინაურების გადაწყვეტილება მისი „წარმატებული საქმიანობიდან" გამომდინარე იქნა მიღებული.
„დიმიტრი გვინდაძეს ფინანსთა სამინისტროში ჩაბარებული ჰქონდა საგარეო ვალი. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ჩვენ გამოვუშვით ახალი ევრობონდები და ერთ-ერთი წარმატებული ტრანზაქცია განვახორციელეთ მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე. ამასთან, მას დაკისრებული ჰქონდა ძალიან რთული მისია - საქართველოში უნდა შემოეტანა 4,5 მილიარდი დოლარი და როგორც ვიცით, 2008 წელს გამართულ დონორთა კონფერენციაზე საქართველოს ეს თანხა გამოუყვეს. ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის დიმიტრი გვინდაძეს. სწორედ ამ წარმატებული საქმიანობისთვის მივიღეთ გადაწყვეტილება, ის დაგვეწინაურებია", - განაცხადა გილაურმა.
ახალი ფინანსთა მინისტრი აღნიშნულ პოსტზე მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება.
შეგახსენებთ, რომ უკვე ყოფილი ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი საქართველოს ფოსტას უხელმძღვანელებს.