აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბას რუსეთი ბოლომდე ვერ ენდობა.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისა და სავარაუდო კანდიდატების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
"ე.წ. არჩევნებში შეიძლება ვიხილოთ შამბა და ანქვაბი ცალ-ცალკეც და ტანდემშიც. თუმცა, ჯერ მოსკოვთან კონსულტაციები მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე, არ ხდება კანდიდატურების წამოყენება", - აღნიშნა არეშიძემ და აქვე დასძინა, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურას რაულ ხაჯიმბა, ვალმერ ბუთბა და სხვებიც წამოაყენებენ.
ექსპერტის შეფასებით, კრემლში ალექსანდრე ანქვაბის კანდიდატურა უფრო მისაღებია, რადგან მოსკოვში, როგორც წესი, ენდობიან ადამიანებს, რომლებიც ადრე სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ.
"ხაჯიმბა უშიშროების თანამშრომელი იყო, ხოლო ანქვაბი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და ერთი პერიოდი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შტაბის უფროსიც. საერთოდ ითვლება, რომ იგი შევარდნაძის კადრი იყო", - დასძინა არეშიძემ და აქვე აღნიშნა, რომ ანქვაბი აფხაზეთში უფრო პოპულარულია და უფრო მეტი "წონა" აქვს.
"შამბას კრემლი ბოლომდე მაინც ვერ ენდობა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოქნილი პოლიტიკოსია. შამბა ლოიალურია მოსკოვის მიმართ, მაგრამ მოსკოვში მას მიიჩნევენ ადამიანად, რომელიც უფრო დასავლეთისკენ იხრება", - განმარტა არეშიძემ.
ამასთან, მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მათგანი იყრის კენჭს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებაში ორივე მათგანი (შამბაც და ანქვაბიც) "რაღაც" ფორმით აუცილებლად იქნება წარმოდგენილი.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს ჩატარდება, ხოლო კანდიდატების რეგისტრაცია 27 ივნისიდან დაიწყება.