ვანუატუს ახალმა მთავრობამ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ წინა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა
ამის შესახებ ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიის და ოკეანეთის დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ალექსიძემ განუცხადა.
"17 ივნისს გავრცელდა ვანუატუს ახალი მთავრობის პრეს-რელიზი, რომლის თანახმადაც დღევანდელი მთავრობა უკან იწვევს და აუქმებს წინა მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარების თაობაზე" - განაცხადა ზურაბ ალექსიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს რომ ვანუატუს ახალი მთავრობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მხარს უჭერს.
"ეს ადასტურებს ასევე რომ ვანუატუს წინა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო შეცდომა და გაუგებრობა" - აღნიშნა ალექსიძემ.