„მიხეილ სააკაშვილი ჰოსნი მუბარაქი არ არის. ის ჯერ კიდევ ძალიან პოპულარულია საქართველოში", - წერს კავკასიის რეგიონის საკითხებში ექსპერტი თომას დე ვაალი „The National Interest"-ში დაბეჭდილ სტატიაში.
მასალის ავტორის შეფასებით, სააკაშვილის პრობლემა იდეების ნაკლებობა კი არა, პირიქით, მათი ზედმეტად დიდი რაოდენობაა.
„მთავარ გამოცდად ეკონომიკა იქცევა. თურქეთის მსგავსად საქართველო საკუთარ თავს წარმატებული ეკონომიკის ქვეყნად წარმოაჩენს, მაგრამ მისი მთავარი მიღწევები 2004-2008 წ.წ. განეკუთვნება. თურქეთში ეკონომიკის გადახურების ეშინიათ. საქართველოსთვის ასეთი პრობლემები საოცნებოა. ულტრა-ლიბერალური მიდგომა, რომელმაც უზრუნველყო უცხოური ინვესტიციების სწრაფი შემოდინება 2006-2008 წ.წ. ვერაფერს მოუხერხებს ფესვგადგმულ სიღარიბეს. წელს საქართველოს ეკონომიკის შედარებით ჯანსაღი ზრდა ჰქონდა, მაგრამ უმუშევრობა ისევ მაღალია და საკვებ პროდუქტზე ინფლაციამ 30% შეადგინა. ოდესღაც მდიდარ სასოფლო-სამეურნეო ქვეყანას ახლა თავისი საკვები პროდუქტის ოთხი-მეხუთედი იმპორტირებული აქვს. გასული ნოემბრის გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის მეოთხედს საკვების საყიდლად საკმარისი ფული არ გააჩნია", - ნათქვამია სტატიაში.
ამერიკელი ექსპერტი იმასაც წერს, ასეთი პრობლემების პირისპირ, მრავალპარტიული პოლიტიკა სულ უფრო მიმზიდველად გამოიყურება.
„ხანდახან სასარგებლოცაა, ბრალდებათა ნაწილის გაზიარება შეგეძლოს", - წერს თომას დე ვაალი, რომელიც საქართველოს „ფსევდოერთპარტიული სისტემის" გამო მკაცრად აკრიტიკებს.