ამბროლაურს თავისი აეროპორტი ექნება. ამის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ მესტიაში ავაშენეთ ახალი აეროპორტი. მომავალ წელს ასეთივე (კიდევ უკეთესი) იქნება ამბროლაურში. რაჭაშიც ჩამოვა 10-ჯერ, 20-ჯერ მეტი ხალხი, დახარჯავს მეტ ფულს. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ რამდენ სოფლის მეურნეობის პროდუქციას მოვიყვანთ, რამდენ ცხვარს მოვაშენებთ, რამდენ ლიტრ რძეს ვაწარმოებთ, ყველაფერი გაიყიდოს", - განმარტა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, რაჭაში ყველაზე ინტელექტუალური ხალხი ცხოვრობს, რის მაგალითადაც ონის რაიონის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლე დაასახელა, რომელმაც 2005 წლის პირველ ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესი შედეგები აჩვენა.
„აქ ცხოვრობს ყველაზე ინტელექტუალური ხალხი საქართველოში... თქვენ ხართ ყველაზე ჭკვიანი ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დაჩაგრული იყავით. მთავრობამ რაც არ უნდა გააკეთოს, რაც არ უნდა ფული გამოყოს, რაც არ უნდა მინისტრები გამოგზავნოს იმისთვის, რომ სოფელს თავზე დაადგეს, თუ ხალხი არაა ნიჭიერი, მშრომელი, ერთდროულად თავმდაბალი, მაგრამ ღირსებით აღსავსე, რომელსაც უყვარს თავისი მხარე, სოფელი, ზოგადად, თავისი სამშობლო, ეს სილამაზე ვერ შეიქმნება. ეს ყველაფერი იმიტომ იქმნება, რომ თითოეულ თქვენგანს უყვარს თითო მტკაველი ამ მიწის", - მიმართა ქვეყნის პირველმა პირმა ამბროლაურის მოსახლეობას.
მიხეილ სააკაშვილმა რაიონში ორი ახალი ობიექტი - საავადმყოფო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრიც გახსნა.