„ხალხის პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა ალექსანდრე შალამბერიძემ პარტიის რიგები დატოვა. ამის შესახებ შალამბერიძემ საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
შალამბერიძე პარტიიდან წასვლის მიზეზად მასსა და „ქრისტიან -დემოკრატებს" შორის მომხდარ აჟიოტაჟს უკავშირებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება „რვიანში" მოსალოდნელი ბზარის გაჩენის თავიდან აცილების მიზნით მიიღო.
„გაზეთ „ვერსიაში" გამოქვეყნებული სტატიის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის გამო შეიძლებოდა ბზარი გაჩენილიყო „რვიანის" ერთობაში. მიმაჩნია, რომ მთელი პასუხისმგებლობა ამ ინციდენტზე უნდა ავიღო მე. ეს არის ჩემი შეცდომა", - აცხადებს შალამბერიძე.
მისი თქმით, ის „რვიანის" ერთ-ერთი გულშემატკივარია და მიაჩნია, რომ სწორედ ცივილიზებული გზით უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლა.
„არ მინდა ეს ინციდენტი გახდეს მიზეზი „რვიანის" ერთობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებისა. გამომდინარე აქედან, ვაცნობიერებ რა პასუხისმგებლობას, ვიღებ გადაწყვეტილებას დავტოვო „ხალხის პარტია", - განმარტა მან.