საფრანგეთსა და რუსეთს შორის ვერტმფრენმზიდ "მისტრალის" ყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება გარდაუვალია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი" ავრცელებს. მათი ინფორმაციით ეს განცხადება საფრანგეთის თავდაცვის სამინისროს პრესმდივნის მოადგილემ ფილიპ პონტესამ გააკეთა.
ამასთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის მოადგილის თქმით, მისთვის უცნობია ამ პროცედურის ჩატარების დრო და ადგილი.
"მე არ ვიცი როდის და სად გაიმართება ხელმოწერის ცერემონია, უბრალოდ, მინდა დავადასტურო, რომ ხელმოწერა გარდაუვალია", _ განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ ასევე არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მისტრალის" ყიდვასთან დაკავშირებული ხელშეკრულება 17 ივნისს უნდა გაფორმდეს. აღნიშნული ინფორმაცია, რუსეთის ფედერაციის მთავრობაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებები "მისტრალის" ყიდვასთან დაკავშირებით, საფრანგეთსა და რუსეთს შორის მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაიწყო. კონტრაქტი 1,5 მილიარდი ევრო ღირს.