შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონპროექტს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე 21 ივნისს გაიტანენ. ამის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა დღეს საკომიტეტო სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, 17 ივნისს კანონპროექტს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნობენ, რის შემდეგაც მისი განხილვა გაიმართება.
ასევე, კუბლაშვილი ყველა დაინტერესებულ პირს და საპარლამენტო ოპოზიციას სთავაზობს ფრაქციების ფორმატში კანონპროექტის განხილვას.
დეპუტატის თქმით, 20 ივნისს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ, რის შემდეგაც მას პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ კანონპროექტის განხილვის შეჩერება იმ დრომზე მოითხოვა ვიდრე მასზე იურიდიული დეპარტამენტი დასკვნას არ მოამზადებს.
ლორთქიფანიძის თქმით, კანონპროექტის ზეპირად ინიცირება მოხდა ბიუროს სხდომაზე 13 ივნისს, თუმცა რეგლამენტის 144-ე მუხლის გ პუნქტის თანახმად, საკითხის განხილვა კომიტეტებში ვერ დაიწყება თუ მასზე იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა არ არის მომზადებული. დეპუტატის მტკიცებით აღნიშნული დასკვნა ამ დრომდე არ მოუმზადებია დეპარტამენტს. გარდა ამისა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კანონპროექტის ავტორებს მოთხოვეს თუ მასზე არსებობდა ვენეციის კომისიის დაკვნა მათთვის მიეწოდებინათ წინააღმდეგ შემთხვევაში კანონპროექტი მანამდე შეჩერებულიყო სანამ მას ვენეციის კომისიაში არ გადაგზავნიდნენ.
კუბლაშვილის თქმით, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონპროექტზე ვენეციის დასკვნა უკვე არსებობს და მას დეპუტატებს დღესვე გადაუგზავნიან.